„საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარის, მალხაზ დოლიძის განცხადებით, ელექტროენერგიაზე გაზრდილი ტარიფი პურის ღირებულებაზე არ აისახება. ამის შესახებ მალხაზ დოლიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
მისივე განმარტებით, ამის მიზეზი ისაა, რომ პური, ძირითადად, ბუნებრივ აირზე ცხვება.
„ელექტროენერგია იმდენად აქტუალური არ არის პურისთვის. როგორ არა, ნებისმიერი კაპიკი მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენთან პური, ძირითადად, ბუნებრივ აირზე ცხვება. ბუნებრივ აირზეა ღუმელები. რაც შეეხება ელექტროენერგიას, ჩვენთან, ძირითადად, ეს არის განათება და ვენტილაცია. მითუმეტეს, ზამთარში არ ვრთავთ ვენტილაციას, სიცივეა. ღუმელებისთვის სითბოში მუშაობა ჯობია. ზაფხულში კი, მაინც თავისი ხარჯი აქვს.
რომ გითხრათ, ეს დიდად აისახება პურის ღირებულებაზეთქო, არ აისახება, პირდაპირაა გეუბნებით. ის ასორტიმენტი, რომელიც ყველაზე გავრცელებულია, მასზე ფასი არ შეიცვლება. მითუმეტეს, ხორბალმა ფასებში დაიკლო, მერე ისევ მოიმატა. ძალიან თამაშობს. ირანის ომის გამო, გემები, რომ წამოვიდნენ, ზოგი სხვა ქვეყნებში უნდა დაცლილიყო და შემოვიდნენ საქართველოს პორტებში. ხორბალი ახლა არის. შარშან რუსეთიდან რომ ვერ მივიღეთ, ყაზახეთიდან შემოვიტანეთ. ახლა პირიქით, ბევრია ხორბალი. ასეთი სიტუაციაა პურზე და სხვა პროდუქტებზე ვერ გეტყვით“,- განაცხადა მალხაზ დოლიძემ.
ცნობისთვის, სემეკის დღევანდელ სხდომაზე გადაწყდა, რომ თბილისში, ისევე, როგორც რეგიონებში, ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი 5 თეთრით იზრდება. ამასთან, 1-ელი აპრილიდან ელექტროენერგიის ტარიფი გაიზრდება კომერციული სექტორისთვისაც.
