პატრიარქობა უდიდესი პასუხისმგბელობაა – ასე ეხმაურება მეუფე ისაია ეკლესიაში დაგეგმილ არჩევნებს. მისი თქმით, პატრიარქის არჩევა არ არის სურვილზე დამოკიდებული პროცესი და საბოლოო გადაწყვეტილება ღმერთის ნებაზეა. მეუფე ისაია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს პასუხისმგებლობა „ჯვარია“, რომლის ტარებაც მხოლოდ ღვთის შეწევნით არის შესაძლებელი.
ამასთან, მეუფე აღნიშნავს, რომ არჩეულმა სასულიერო პირმა პატრიარქობაზე უარი არ უნდა თქვას.
“იცით, რომ არჩევნები მოდის. არავინ დასახელებულა ჯერ, საერთოდ, თავისი დრო აქვს, როდესაც უნდა მოხდეს ეს ამბავი და ერთმა სასულიერო პირმა მომწერა უცხოეთიდან, რომ ვლოცულობ თქვენ თვითონ რომ გახდეთო და მე მას ვუპასუხე, რომ ილოცეთ იმისთვის, რომ ყოველი არის ღვთის ნება. ღვთის ნება როგორია, ეს არის მთავარი და თქვენც გთხოვთ, რომ ილოცოთ. როგორ არის ეს ღვთის ნება, რომ გამოარჩიოს უფალმა ის ადამიანი, რომელმაც ამ გოლგოთაზე ღვთის ნებით უნდა ავიდეს. ეს არ არის ადვილი და სასიხარულო ამაში არაფერი არ არის, ასე ვთქვათ, ეს არის ჯვარი უფალმა უნდა დაადოს და ვისაც დაადებს, იმან ალბათ ამაზე არ უნდა თქვას უარი, ეს ჯვარი უნდა იტვირთოს. ეს უფლის შეწევნაა, თუ უფალი არ შეეწია ადამიანს, ვერც ჩვენი უწმინდესი შეძლებდა ამას. ამდენად, ინებოს უფალმა, რომ გამოარჩიოს ის, ვინც არის მისთის საჭირო,” – თქვა სასულიერო პირმა.
ინფორმაცია, რომ მიტროპოლიტმა ისაიამ მოსაყდრე შიოს სასარგებლოდ კანდიდატურა მოხსნა, “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებულმა მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ („უცნობი“) გაავრცელა. გაჩეჩილაძე ამტკიცებდა, რომ ამის შესახებ მას ერთ-ერთმა სასულიერო პირმა აცნობა.
მოგვიანებით, “უცნობმა” სინოდის წევრებზე გაკეთებული განცხადების გამო ბოდიში მოიხადა. მისი თქმით, ის აღნიშნულ თემაში ჩართვას არც აპირებდა.
