ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა, მეუფე დიმიტრი შიოლაშვილმა საკვირაო ქადაგებაზე ილია მეორის შესახებ ისაუბრა.
„მე ვიყავი 16 წლის, როცა მისი უწმინდესობა პატრიარქად აკურთხეს, სვეტიცხოველში გახლდით. მთელმა ჩემმა ცხოვრებამ უწმინდესის გვერდით გაიარა. უმნიშვნელოვანესი და მეტად მძიმეა ის ტკივილი, განცდა, რაც მე და არა მარტო მე, უამრავ ადამიანს დაეუფლა. მივაცილებდით პატრიარქს მარადიულ ძვალთშესალაგში, სიონის საკათედრო ტაძარში, ვხედავდი ატირებულ, მგლოვიარე ადამიანებს და საოცარი გრძნობა მეუფლებოდა, გრძნობა იმისა, რომ ის ვისაც განიცდი, ვისაც მთელი ცხოვრება თვლიდი, რომ შენი ოჯახის ნაწილია, მარტო შენი არ ყოფილა, ის არის უამრავი ადამიანის ოჯახის წევრიც და ეს იყო უდიდესი სიხარულნარევი გლოვა. პატრიარქი იყო საზომი ურთიერთობისა, ღირსებისა, სიყვარულისა, თავდადებისა.
არაუგვიანეს ორი თვისა, მოხდება [ახალი პატრიარქის] არჩევა. გაერთიანებული საეკლესიო კრებაც იმსჯელებს და შემდეგ, წმინდა სინოდი დაადგენს ამ ძირძველ, ღვთივკურთხეულ საქართველოს საპატრიარქო ტახტზე მომავალ პატრიარქს. ვილოცოთ, რომ სიკეთით, მშვიდობით, ღვთის მადლით და წყალობით აღსრულდეს ნება ღვთისა“, – განაცხადა მეუფე დიმიტრიმ.
