ფსიქოტროპული მედიკამენტების რეფორმის ფარგლებში, მედიკამენტების ელექტრონული რეცეპტის გაცემის წესში ცვლილებები შევიდა. ახალი წესი 1-ლი აპრილიდან ამოქმედდება და მიზნად ისახავს ფსიქოტროპული მედიკამენტების მიმოქცევაზე კონტროლის გამკაცრებას, მათი არამიზნობრივი გამოყენებისა და არასათანადო მოხმარების პრევენციას. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ცვლილების თანახმად, რეცეპტით მედიკამენტის გაცემის მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრა: სრულწლოვანი პაციენტისთვის – არაუმეტეს 14 დღის მარაგით, ხოლო არასრულწლოვანისთვის – არაუმეტეს 30 დღის მარაგით. ახალი რეცეპტის გამოწერა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს დარჩენილი აქვს არაუმეტეს 5 დღის მარაგი.
ამავე წესით, გამოწერილი ფსიქოტროპული მედიკამენტის სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს ამავე პრეპარატის ინსტრუქციით განსაზღვრულ მაქსიმალურ ზღვარს. კონკრეტული მედიკამენტის დანიშვნის აუცილებლობა კი ექიმის მიერ დასაბუთებული უნდა იყოს პაციენტის სამედიცინო ისტორიაში. დოზის ცვლილების საჭიროების შემთხვევაში, ექიმმა უნდა გაითვალისწინოს პაციენტთან არსებული დარჩენილი მედიკამენტის რაოდენობა. რეგულაცია ასევე განსაზღვრავს წესებს იმ შემთხვევებისთვის, როდესაც პრეპარატი დაკარგულია, დაზიანებულია ან განადგურებულია.
ცვლილებები უკავშირდება სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ გამოვლენილ დარღვევებს, როდესაც ფსიქოტროპული მედიკამენტები რიგ შემთხვევებში ინიშნებოდა სათანადო დასაბუთების, დიაგნოსტირებისა და კონსულტაციის გარეშე, მათ შორის – გადაჭარბებული დოზებითა და შესაბამისი ნებართვის არმქონე ექიმების მიერ.
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ აღნიშნული დარღვევებისთვის, პროფესიული განვითარების საბჭომ 10 მედიკოსს პროფესიული პასუხისმგებლობა უკვე დააკისრა. საბჭოს წევრები შეთანხმდნენ, რომ რისკების შემცირების მიზნით აუცილებელი იყო კონტროლის მექანიზმების კიდევ უფრო დახვეწა და გამკაცრება.
მსგავსი დარღვევების პრევენცია რჩება ჯანდაცვის სამინისტროს პრიორიტეტად და ფსიქოტროპული მედიკამენტების დანიშვნისა და გაცემის პროცესზე ზედამხედველობა კიდევ უფრო გაძლიერდება.
