პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალეკო ელისაშვილის ადვოკატის, არჩილ ჩოფიკაშვილის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფისგან გამოძიებამ სუნის ნიმუშის აღება მოითხოვა.
როგორც მან განმარტა, საქმე ეხება 2025 წლის მაისში მომხდარ შემთხვევას, რა დროსაც უცნობმა პირმა სასამართლოს არქივს ცეცხლი წაუკიდა.
ჩოფიკაშვილის შეფასებით, „როდესაც არ არსებობს მტკიცებულება, გამოძიება ძაღლების იმედზეა“.
„დაგვიკავშირდნენ თბილისის პროკურატურიდან. გამომძიებელმა გვაცნობა, რომ იძიებენ სისხლის სამართლის საქმეს 2025 წლის მაისიდან, რა დროსაც უცნობმა პირმა ცეცხლი წაუკიდა სასამართლოს არქივს, შედეგად გარკვეული საქმეების ნაწილი დაიწვა თურმე კიდეც. აღნიშნული საქმის გამოძიება თითქმის ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობს, 187-ე მუხლით ანუ ქონების დაზიანების მუხლით. ამ საქმეზე ითხოვეს, რომ პოლიციის პატაკის შესაბამისად, ჰქონდათ ეჭვი და სჭირდებოდათ, რომ აეღოთ ბრალდებული ალეკო ელისაშვილისგან სუნის ნიმუში. ეს კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ პროკურატურა ცდილობს გააგრძელოს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დემონიზაციის პროცესი და გააჩინოს ეჭვები, თითქოს სხვა საქმეებშიც არსებობს მის მიმართ კითხვის ნიშნები. ფაქტია, რომ უკვე მომხდარი ფაქტი, რომელიც თურმე 2025 წლის მაისში მომხდარა, ერთი წელია თითქმის გასული ამ ფაქტიდან, მთელი ამ ხნის განმავლობაში გამოძიება მიდის არა ტერორიზმის მუხლით, არამედ ქონების დაზიანების მუხლით. და ტერორიზმის მუხლით ერთადერთი მსგავსი საქმე არის მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ არის ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, არის რუსული განაჩენის მსხვერპლი და ის არის პირადი შურისძიების მსხვერპლი. რა ნიმუშების აღებაც უნდოდა გამოძიებას, ნებაყოფლობით განხორციელდა. თუმცა თვითონ ეს ფაქტი მიანიშნებს იმაზე, რომ პოლიტიკოსის დემონიზაციისა და დისკრედიტაციის პროცესი გრძელდება და პატიმრობაში გატარებული ყოველი ახალი დღე, ახალი გამოგონებული პრეტენზია ადასტურებს, რომ ის არის პოლიტიკური პატიმარი და მისი პოლიტიკური პატიმრობა ამ დრომდე გრძელდება.
ამასთან, მტკიცებულებები რომ არ აქვთ, უკვე ძაღლების იმედზე არიან. მისი პოზიცია იყო, რომ აბსურდია ახალი საქმეების გამოძიება. ასეთი ეჭვი შეიძლება მომავალშიც სხვა მრავალი იყოს. ფაქტია, რომ როდესაც არ არსებობს მტკიცებულება, ძაღლების იმედზეა გამოძიება“,- განაცხადა ჩოფიკაშვილმა.
