მილიარდერ ბიზნესმენს, ილონ მასკს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ. ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია Business Insider-მა გაავრცელა.
წყაროს ცნობით 2016 წელს ილონ მასკმა ერთ-ერთი ფრენის დროს ბორტგამცილებელი სექსუალურად შეავიწროვა, შემდეგ კი სიჩუმისთვის მას $250,000 გადაუხადა. ბრალდების თანახმად ბორტგამცილებელი ქალი იძულებული გახადეს აეღო მასაჟისტის ლიცენზია, რათა დროთა განმავლობაში მილიარდერისთვის მასაჟი გაეკეთებინა. ერთ დღეს, როდესაც ის საქმიანობის შესასრულებლად ილონთან კაბინაში შევიდა მილიარდერი სრულიად შიშველი დახვდა, დაფარული იყო მხოლოდ მისი ქვედა ნაწილი.
აღნიშნული ინფორმაცია Business Insider-მა სავარაუდო მსხვერპლი ქალის მეგობრისგან მიიღო. მეგობარი ქალი ყვება, რომ მასაჟის დროს მასკმა “თავისი სასქესო ორგანო გამოაჩინა და ქალს შეეხო, ხოლო თუ უფრო მეტის გაკეთებას დასთანხმდებოდა, რაშიც სექსუალური აქტი იგულისხმებოდა, ცხენის ყიდვას დაჰპირდა”.
მიუხედავად იმისა, რომ ბორტგამცილებელი იმ დროისთვის ცხენის ჯირითით იყო გატაცებული, წინადადებას მაინც არ დათანხმდა. მოგვიანებით ქალმა ადვოკატთან ერთად ამ ინციდენტის გასასაჩივრებლად კომპანიის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს მიმართა და 2018 წელს აღნიშნული შემთხვევა საჯარო გახმაურების გარეშე SpaceX-თან გარიგებით დასრულდა.
მოგვიანებით მილიარდერმა აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და ყველაფერი უარყო:
„მე რომ სექსუალურად ვავიწროებდე სხვებს, ჩემი 30-წლიანი კარიერის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევა არ იქნებოდა, რომელიც გახმაურდებოდა”. აქვე მან ისიც აღნიშნა, რომ სტატია “პოლიტიკურად მოტივირებულია.“
ამ თემას ილონ მასკმა ტვიტერზე რამდენიმე პოსტიც მიუძღვნა:
„იმ მატყუარასთვის, რომელიც იჩემებს, რომ იმისი მეგობარია, ვინც შიშველი მნახა, ასეთი გამოწვევა მაქვს: აღწეროს ჩემი სხეულის თუნდაც ერთი ნიშანი, იქნება ეს იარა თუ ტატუ, რომელიც საჯაროდ ცნობილი არ არის. თუმცა ამას ვერ შეძლებს, რადგან ეს არასდროს მომხდარა“
„მაშინვე ყველა გზით დაიწყეს შეტევა, როგორც კი ტვიტერის შეძენის შესახებ გახდა ცნობილი. ჩემს 30-წლიან კარიერაში, მათ შორის MeToo ერაში, მსგავსი არავის არაფერი უთქვამს, მაგრამ როგორც კი ტვიტერზე სიტყვის თავისუფლების აღდგენა და რესპუბლიკელებისთვის ხმის მიცემა გადავწყვიტე, აი, უცებ…“
მასკის ზემოაღნიშნული პოსტები უყურადღებოდ Insider-ის რედაქტორს არ დაუტოვებია და პასუხიც გასცა:
„ჩვენ გვჯერა ჩვენი ინფორმაციის, რომელიც დამამტკიცებელ საბუთებსა და ინტერვიუებს ეყრდნობა, რომლებიც თავისთავად ცხადყოფს ყველაფერს”. – წერს Insider-ის რედაქტორი ნიკოლას კარლსონი
ილონის კომენტარებს YouTube-ის თანადამფუძნებელი, ჩედ ჰალიც გამოეხმაურა და მილიარდერს მოუწოდა ტვიტერი რაც შეიძლება სწრაფად ეყიდა, რაზეც მასკმა შემდეგი პასუხი გასცა:
„კარგი ჩედ, ჩემს სასქესო ორგანოს თუ შეეხები ცხენს შენც მიიღებ.“