ოკუპირებულ დონეცკთან სავაჭრო კავშირის შესაძლო დაწყების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება. რუსეთის მიერ მიტაცებულ უკრაინულ ტერიტორიაზე, ქართველი ბიზნესმენის სახელით შეთანხმება უკვე გაფორმდა.
არსებული ცნობებით, ბიზნესმენი ვალერიანე ქოჩიაშვილი დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს დაჰპირდა, რომ დონეცკიდან საქართველოში ქვანახშირისა და ლითონის შემოტანას უზრუნველყოფს. ის, რომ ხელშეკრულება უკვე ამოქმედებულია, თავად ქოჩიაშვილიც ადასტურებს.
“ტვ პირველი” დაინტერესდა, როგორ აპირებს ვალერიანე ქოჩიაშვილი აღნიშნული შეთანხმების ამოქმედებას იმ პირობებში, როდესაც უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან წიაღისეულის შემოტანა პირდაპირ ნიშნავს სანქციების პოლიტიკის დარღვევას. “ჯორჯ ოილის” ხელმძღვანელი ამბობს, რომ იმყოფებოდა უკვე დონეცკის ე.წ. რესპუბლიკაში და ყველა ტიპის შეთანხმება უკვე მიღწეულია.
“ძალიან კარგი შეთანხმება მაქვს, გადასარევი შეთანხმება მაქვს, ყველას რომ გაუხარდება, ისეთი შეთანხმებაა და წამოვიღებთ იქიდან რაც დაგვჭირდება საქართველოს. ყველაფერი კარგად იქნება, თქვენ ნუ ნერვიულობთ” – ამბობს ქოჩიაშვილი.
კითხვაზე, საქმის კურსშია თუ არა ამის შესახებ “ქართული ოცნება”, ბიზნესმენი ასე პასუხობს:
“გავაფრთხილებ “ქართულ ოცნებას”, რომ დამეხმარონ, თორემ მაგათ ყურებს დავაჭრი ყველას, ივანიშვილსაც ყურებს დავაჭრი”.
“ტვ პირველი” ასევე დაინტერესდა, რატომ არ სურს ქვანახშირის გატანა ქოჩიაშილის კომპანიას საქართველოდან. ბიზნესმენი ამტკიცებს, რომ ჩვენს ქვეყანაში საკმარისი ქვანახშირი არ გვაქვს.
“რამდენი ქვანხშირი გაქვთ ტყიბულში? რა შახტები გაქვთ? ამერიკას ეყოფა? მე ამერიკაში უნდა გადავაგზავნო იქიდან. მე ხელშეკრულება მაქვს ამერიკასთან და ამრიკა ხომ არ არის ოკუპანტი? ტრამპმა შემოიტანე ად ჩამოგატანინებო” – ამბობს ქოჩიაშვილი.
აღნიშნულ შეთანხმებასთან დაკავშირებით აქტიურად წერს რუსული მედიაც. საუბრობენ საქართველოსთან ვაჭრობის პერსპექტივაზე.
მომხდარს უკვე მოჰყვა პოლიტიკური შეფასებები. ანალიტიკოსი ბესიკ დონაძე აღნიშნავს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიასთან სავაჭრო ურთიერთობის დაწყება სერიოზულ საერთაშორისო და სამართლებრივ რისკებს შეიცავს.
მისი თქმით, საქართველოს მიერ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღიარების პირობებში, დონეცკიდან ნებისმიერი ეკონომიკური აქტივობა საერთაშორისო სკანდალის საფუძველი შეიძლება გახდეს და ქვეყნის საგარეო პოლიტიკას ეწინააღმდეგებოდეს.
“საქართველოს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა აქვს აღიარებული, შესაბამისად, დონეცკის რესპუბლიკიდან, დონეცკიდან, რომელსაც უკრაინა თვლის, რომ ის არის ოკუპირებული, იქიდან ნებისმიერი ვაჭრობა ჩაითვლება საერთაშორისო სკანდალად ანუ წარმოიდგინეთ, რომ უკრაინამ ახლა ვაჭრობა დაიწყოს, მაგალითად, სოხუმიდან ან ცხონვალიდან გაიტანოს რაღაცეები. როგორ აპირებს ეს კომპანია, ურთიერთობა დაამყაროს ოკუპირებულ ტერიტორიასთან, რომელთანაც არანაირი დიპლომატიური ურთიერთობა არ გააჩნია საქართველოს და ამას ემატება კიდევ ყველაზე მნიშნელოვანი, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა აქვს აღიარებული საქართველოს დონეცკის ჩათვლით. და, ფულის გადახდა როგორ ხდება კიდევ? როგორ შემოიტანს ან როგორ გაიტანს? ჩვენ არანაირი საბანკო ურთიერთობა არ გვაქვს. გამოდის, რომ ძალიან დიდი ფული საბაჟოზე უნდა გაიტანოს, ძალიან დიდი ფული საბაჟოდან უნდა შემოიტანოს. ანუ, მდინარაძის უწყებას გამოუჩნდა საქმე და იქნებ დაგვანებოს ცოტა ხანი ოპოზიციას თავი და მიხედოს ამ საერთაშორისო პრობლემას. ჩვენს უსაფრთხოების სამსახურებს თუ გამოეპარათ, რომ ვიღაცა კომპანიები დონეცკში ჩადიან. ანუ ასე მარტივი ხომ არ არის? საქართველოდან დონეცკში ვერ გაფრინდები, უკრაინიდან ვერ შედიხარ ანუ გამოდის, რომ უნდა ჩახვიდე რუსეთში და უდა შეხვიდე რუსეთიდან და ამას სჭირდება ორგანიზება და იქ მაღალი თანამდებობის პირებთან კავშირი” – აბობს ბესიკ დონაძე.
