გიგა ავალიანის საქმე – პროკურორ ქეთი სონიძის თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილმა, რომელიც ამ საქმის ერთ-ერთი ფიგურანტია, მკვლელობაში ბრალდებულ ალექსანდრე გაბაშვილთან სატელეფონო კავშირი დაადასტურა, თუმცა არ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მან იცოდა რაიმე მოსალოდნელ თავდასხმასთან დაკავშირებით.
როგორც სონიძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, თუ საქმეში მალანიას ბრალეულობა გამოიკვეთება, პროკურატურა იქნება შეუვალი და არ დაინდობს არავის.
გიორგი მალანია ეს არის საქმეში მოწმის სტატუსით არსებული პირი. ეს გახლავთ არასრულწლოვანი, რომელიც ეკა კუპატაძის ცენტრში ემზადებოდა, შესაბამისად აქ დადიოდა ეს ბავშვი, იყო ნია იმნაძის ახლობელი, ამიტომ დაზარალებულს გაუჩნდა ეჭვი და ვარაუდი იმისა, რომ სწორედ გიორგი მალანიამ მიასწავლა გიგა ავალიანის საცხოვრებელი მისამართი მომავალ თავდამსხმელებს. ამისი გარკვევა ხდება გამოძიების ეტაპზე, მიმდინარეობს საგამოძებო მოქმედებები და თუ გამოიკვეთება ცალსახად მისი დანაშაულებრივი ქმედება, ბუნებრივია პროკურატურა იქნება შეუვალი და არ დაინდობს არავის, თუ დადგება ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი. მალანია ადასტურებს, რომ ჰქონდა სატელეფონო კავშირი ალექსანდრე გაბაშვილთან, თუმცა არ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მან იცოდა რაიმე მოსალოდნელ თავდასხმასთან დაკავშირებით.
მალანია გამორიცხავს ამ საქმეში მის კავშირსა და მონაწილეობას, თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება, რომ ალექსანდრე გაბაშვილსა და მას შორის უშუალოდ დანაშაულის ჩადენამდე ახლო პერიოდში იყო სატელეფონო კომუნიკაცია”, – ამბობს პროკურორი.
