არავის ციხეში წასვლა არ მიხარია, თუმცა ჩვენ ყველა ზრდასრული ადამიანები ვართ, პატარა ბავშვები არ ვართ და ყველა ჩვენს გადადგმულ ნაბიჯზე და გადაწყვეტილებაზე თავადვე ვიღებთ გადაწყვეტილებას როგორ მოვიქცეთ – 4 შვილზე, ალბათ, ცოტა ადრე უნდა ეფიქრა ქალბატონ ელენეს, ეს არის ჩემი პოზიცია,- ამის შესახებ კახა კალაძემ ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა.
კალაძის თქმით, ხოშტარიას მხრიდან ჩადენილი ქმედება არ იყო მხოლოდ ბანერის დაზიანება, ეს იყო საარჩევნო პერიოდში ხელის შეშლა.
„სხვადასხვა მოქმედება სხვადასხვა დროს იძენს სხვადასხვა მნიშვნელობას. ეს არ იყო მხოლოდ ბანერის ან ფოტოს დაზიანება, ეს იყო საარჩევნო პერიოდში, როდესაც საარჩევნო კამპანია მიმდინარეობდა, ხელის შეშლა, მიუხედავად იმისა, რომ არაერთი მოწოდება იქნა გაკეთებული. თქვენ ვერ ნახავთ ვერც ერთ ფაქტს, რომ ჩვენ, პოლიტიკოსები, რომელიმე პოლიტიკური პარტიის ოფისთან მივსულიყავით, დაგვერბია, შეურაცხყოფა მიგვეყენებინა მათთვის, მათი პლაკატები და ბანერები დაგვეზიანებინა და ა.შ. იგივე, მაგალითად, 4 ოქტომბრის რევოლუციური მცდელობა – თქვენ ცდილობთ ეს წარმოაჩინოთ ისე, როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ღობის დაზიანება, მაგრამ აღნიშნული ღობე დაზიანდა იმისთვის, რომ შეჭრილიყვნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. მაგალითად, საცხოვრებელი ბინის კარი შეიძლება ღირდეს 300 ლარი და როდესაც შენ მიზანმიმართულად ანგრევ, ცდილობ შეჭრას სხვის საცხოვრებელ სახლში, ეს განისაზღვრება როგორც ყაჩაღობა და აქვს შესაბამისი მუხლი და მოჰყვება შესაბამისი მოქმედება. მე არავის ციხეში წასვლა არ მიხარია, თუმცა ჩვენ ყველა ზრდასრული ადამიანები ვართ, პატარა ბავშვები არ ვართ და ყველა ჩვენს გადადგმულ ნაბიჯზე და გადაწყვეტილებაზე ჩვენ თავადვე ვიღებთ გადაწყვეტილებას, როგორ მოვიქცეთ. ელენე ხოშტარიას ჰქონდა შესაძლებლობა გირაო გადაეხადა, ჰქონდა იმის შესაძლებლობა, ეღიარებინა ის, რაც გააფუჭა, მაგრამ ასე ჩათვალა საჭიროდ და ასე გადაწყვიტა, ეს მისი უფლებაა. 4 შვილზე, ალბათ, ცოტა ადრე უნდა ეფიქრა ქალბატონ ელენეს, ეს არის ჩემი პოზიცია. არავის არ აქვს უფლება, საარჩევნო პროცესში ხელის შეშლის, კატეგორიულად მიუღებელია ის ქმედებები, რაც წინა საარჩევნო პროცესში ხდებოდა – ჩემს საარჩევნო შტაბთან მივარდნები, ხალხისთვის შეურაცხყოფის მიყენება, ბანერების დაზიანება. ჩვენ ხომ ვაშენებთ ცივილურ დემოკრატიულ სახელმწიფოს, სადაც არჩევნების პერიოდში ყველა პოლიტიკურ პარტიას და პოლიტიკოსს უნდა ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ თავისუფალ გარემოში აწარმოოს საარჩევნო კამპანია. ჩვენ არავისთან მივვარდნილვართ და არ დაგვიზიანებია მათ ბანერები. ეს არის დამოკიდებულება. ყველამ კეთილი უნდა ვინებოთ და ვიმოქმედოთ ისე, როგორც ეკადრება და სჭირდება ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა კალაძემ.
ის ამასთან გამოეხმაურა კონკრეტული ელჩების მხრიდან ელენე ხოშტარიას მხარდამჭერ განცხადებებს და აღნიშნა, რომ ეს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევაა და შესაბამისად, ყოვლად მიუღებელია.
„რაც შეეხება ელჩების განცხადებებს, კატეგორიულად მიუღებელია ეს დამოკიდებულება, რასაც ჩვენ ვისმენთ ზოგიერთი ქვეყნის წარმომადგენლის მხრიდან. ყველანაირ დიპლომატიურ საქმიანობას ცდება ის, რასაც კონკრეტული ელჩი აკეთებს. ეს პირდაპირ ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევაა. ყველამ თავის ქვეყანას მიხედოს და აკეთონ ის საქმე, რისთვისაც არიან გამოგზავნილი ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა კალაძემ.
