“სიბრალული მიჩნდება შენ მიმართ, სპორტსმენი ვარ, ბავშვებს ქალის, მოხუცის პატივისცემას ვასწავლი. გამორიცხულია, ხელით შეგხებოდი” – კირვალიძე მოწმე პოლიციელს
სასახლის ღობის საქმე – საქალაქო სასამართლოში 13 პირის საქმესზე პროცესი მიმდინაეობს, სადაც ბრალდებულები არიან: სიმონ მახარაძე, კახაბერ კვაჭანტირაძე, გია თოლორაია, მიხეილ თოლორაია, ავთანდილ თოფჩიშვილი, იური ლომიძე, დავით გიუნაშვილი, გიორგი ტალახაძე, ბექა მაჭავარიანი, მანუჩარ მიქელაძე, საბა კორძაია, გიორგი კირვალიძე და კობა ეპიტაშვილი.
დღეს პროკურატურის ორი მოწმე, ორი დაზარალებული პოლიციელი იკითხება: გიორგი გოჩაშვილი და ირაკლი ლურსმანაშვილი.
მოწმე გიორგი გოჩაშვილმა დღეს ხელი GAMA FC-ის მებრძოლს, ბრალდებულ გიორგი კირვალიძეს დაადო. მისი თქმით, გიორგი კირვალიძეს მანამდეც იცნობდა, ძირითადად სოციალური ქსელებიდან, რამდენადაც „ბრძოლების მოყვარულია“. გოჩაშვილი ამბობს, რომ მას კირვალიძემ სახეში მუშტი დაარტყა.
დღეს ასევე მოწმე გოჩაშვილმა გიორგი კირვალიძის ადვოკატის, ბორის ჩელე ყურუას კითხვების პასუხად დაადასტურა, რომ პოლიციელები, ყოველგვარი ეკიპირების გარეშე,„კბილებამდე შეიარაღებული“სპეცრაზმელების დასახმარებლად წავიდნენ.
გიორგი გოჩაშვილი: გიორგი კირვალიძეს ტელევიზორიდან და ინტერნეტიდან ვიცნობ, ჩემს ტელევიზორზე იუთუბი ირთვება და იქიდან… დვალიშვილს ვუყურებ თოფურიას და მისი ვიდეოებიც ნანახი მაქვს
ვიდეოს დათვალიერება გამოკითხვის მერე მოხდა, რამდენიმე საათიც დაგვჭირდა დასათვალიერებლად, ჩაცმულობით და ვიზუალით ამოვიცანით კირვალიძე.
კირალიძის ადვოკატი ჩელე ყურუა: შავი ქუდი თუ ეხურა?
მოწმე: კი.
ადვოკატი ჩელე ყურუა: თქვენ ნიღაბი თუ გეკეთათ?
მოწმე: არა.
ბრალდებული კირვალიძე: მაგ დროისთვის ქუდი გეხურათ?
მოწმე: არ მახსოვს.
ბრალდებული კირვალიძე: სიბრალული მიჩნდება შენ მიმართ, სპორტსმენი ვარ, ტრენერი ვარ, ბავშვებს ქალის, ბავშვის, მოხუცის პატივისცემას ვასწავლი. გამორიცხულია, რომ ხელით შეგხებოდი.
ცნობისთვის, კახაბერ კვაჭანტირაძეს, სიმონ მახარაძეს, გია თოლორაიას, ავთანდილ თოფჩიშვილს, მიხეილ თოლორაიას, იური ლომიძეს, გიორგი ტალახაძეს, დავით გიუნაშვილს, საბა კორძაიას, გიორგი კირვალიძეს, კობა ეპიტაშვილს, მანუჩარ მიქელაძეს და ბექა მაჭავარიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
