თავდაცვის ძალებში სამსახურის გავლასთან დაკავშირებული რიგი საკითხები ახლებურად დარეგულირდება.
ამასთან დაკავშირებით ცვლილებები „თავდაცვის კოდექსში“ შედის, რომელიც თავდაცვის სამინისტრომ მოამზადა და განსახილველად პარლამენტს წარუდგინა.
კოდექსის მოქმედი რედაქციის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე, რომელიც წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის სახით გადის, კონტრაქტის შეწყვეტის შემთხვევაში, თავდაცვის ძალების რეზერვში ჩაირიცხება, თუ კონტრაქტის შეწყვეტისას, მას ნამსახურები აქვს 12 თვე, ხოლო ამ ვადის გაუსვლელობის შემთხვევაში იგი დაექვემდებარება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლას – 6 ან 8 თვის ვადით.
ცვლილების მიხედვით, პროფესიულ სამხედრო სამსახურში მყოფი პირი, მის მიერ კონტრაქტის შეწყვეტის შემთხვევაში, ავტომატურად იქნება გადაყვანილი 8-თვიან წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში, თუ მას არა აქვს გაწვევისაგან გათავისუფლების ან გადავადების უფლება, ასევე მძიმე ოჯახური მდგომარეობა, რაც შესაბამისი დოკუმენტებით უნდა დასტურდებოდეს.
იმის გათვალისწინებით, რომ პროფესიული სამხედრო სამსახურის კონტრაქტის პირობების დარღვევა ჯარიმის დაკისრებას იწვევს, ცვლილებები ამ მიმართულებითაც ხორციელდება. კერძოდ, პროფესიული სამხედრო სამსახურიდან წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გადაყვანილ პირს, კონტრაქტის დარღვევის გამო ჯარიმის გადახდის ვალდებულება 8 თვის ვადით გადაუვადდება, ხოლო სამსახურის დასრულების შემდეგ, ჯარიმის გადახდის ვალდებულება საერთოდ შეუწყდება.
