ზაფხული ახლოვდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ტემპერატურის მატებასთან ერთად იზრდება გულ-სისხლძარღვთა პრობლემების მატების რისკიც. „მიქსმეტრონომი“ გაესაუბრა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, კოტე ჩახუნაშვილს, რომელმაც მოახლოებულ რისკებთან და ამ რისკების თავიდან აცილების გზებზე ისაუბრა.
მისი თქმით ზაფხულში გულ-სისხლძარღვთა დაავადებები დაკავშირებულია ტემპერატურის მატებასთან, ეს კი უშუალო კავშირშია სისხლის შედედების მატებასთან, ვენური სისხლის მოძრაობასთან და გულთან დაკავშირებული პრობლემების წარმოქმნასთან.
„ზაფხულში ჩვენი ორგანიზმიდან დიდი რაოდენობით სითხე გამოიყოფა, რამაც შესაძლოა წარმოიქმნას ვენური პრობლემები. მდგომარეობა შეიძლება გაურთულდეთ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ვენური უკმარისობა, ქვედა კიდურებთან დაკავშირებული პრობლემები. ყოველივე ამის თავიდან ასაცილებლად კი აუცილებელია დიდი რაოდენობით მივიღოთ სითხე.“
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის თქმით სითხის მიღება საშუალებას მოგვცემს ავანაზღაუროთ ის აორთქლილი სითხე, რომელიც ამ ზაფხულის პერიოდში შეიძლება დავკარგოთ. ზაფხული უნდა გამოვიყენოთ ორგანიზმის გაჯანსაღებისთვის. აქ არის ჩართული ვიტამინებით მდიდარი საჭმელი, ფიზიკური ვარჯიშები, ცურვა – ეს ყველაფერი ზაფხულში საკმაოდ მარტივი მისაღწევია, რადგან სეზონი ამის რესურსს გვაძლევს. აქვე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 70 წელს გადაცილებულ ადამიანებს განსაკუთღებული სიფრთხილე მართებთ.
„ორი ძრითადი რამ არის რაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ: პირველი – უნდა მივიღოთ დიდი რაოდენობით სითხე, იმისთვის, რომ არ მოხდეს სისხლის შედედების მომატება და მეორე – თუ ალკოჰოლს მიიღებთ უნდა იცოდეთ, რომ ცივ წყალში ჩასვლა და ბანაობა, იქნება ეს ზღვა, მდინარე თუ აუზი, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რადგან ამან შესაძლოა გამოიწვის გულის შეტევა“ – კოტე ჩახუნაშვილი.