დღეს ექნება მორწმუნე საზოგადოებას იმის საშუალება, რომ, სურვილის შემთხვევაში, მობრძანდეს და პატივი მიაგოს საფლავს – ამის შესახებ თბილისის სასულიერო სემინარიის დეკანი, სიონის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური, მამა გიორგი ვაშალომიძე საუბრობს.
მისივე განმარტებით, ტაძრის კარი საღამოს რვა საათამდე ღია იქნება და ყველა მსურველს შეეძლება, ილია მეორეს პატივი მიაგოს, თუმცა – გარკვეული შეზღუდვებით.
“კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს, ძალიან მძიმე დღეები გადაგვაქვს. არაერთხელ გვითქვამს, რომ მთელი ერი არის ჭირისუფალი. ღმერთმა ცათა სასუფეველი დაუმკვიდროს ჩვენს უწმინდეს პატრიარქს. დღეს ექნება მორწმუნე საზოგადოებას იმის საშუალება, რომ, სურვილის შემთხვევაში, მობრძანდეს და პატივი მიაგოს მის საფლავს, თუმცა იქნება გარკვეული შეზღუდვები. ტაძარი დაახლოებით 20:00-მდე იქნება ღია და მორწმუნე საზოგადოებას ექნება საშუალება, რომ პატივი მიაგოს მისი უწმინდესობის საფლავს. უშუალოდ საფლავთან მიახლება და ხელით შეხება ვერ მოხდება, იმის გამო, რომ საფლავი ჯერ მოსაწესრიგებელია, თუმცა მორწმუნე საზოგადოებას ექნება იმის საშუალება, რომ მიუახლოვდეს საფლავს და პატივისცემა გამოხატოს უწმინდესის საფლავის მიმართ,” – ამბობს მამა გიორგი ვაშალომიძე.
