„დღეს მწუხარეა ჩვენი სული… ერი გლოვობს ჭეშმარიტ მამას“, – ამ სიტყვებით გამოემშვიდობა ილია II-ს ქიროტონიით უხუცესი მღვდელმთავარი, მანგლისისა და თეთრი წყაროს მიტროპოლიტი ანანია ილია მეორეს.
სასულიერო პირმა პატრიარქის ღვაწლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პატრიარქი იყო „კლდე, უმტკიცესი საყრდენი“, რომელმაც თანამედროვე საქართველოს ეკლესიის აღორძინებაში გადამწყვეტი როლი შეასრულა.
”
დღეს მწუხარეა ჩვენი სული, ჩვენი ერი, როგორც ეს ვიხილეთ ამ დღეებში, გლოვობს ერის ჭეშმარიტი მამის, უწმინდესი და უნეტარესი კათაოლიკოს პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალებას. ამასთანავე, ამ დღეებში ჩვენი მაცხოვარი იესო ქრისტე გვამხნევებს და მოცუქილიც ამბობს, “რაკი სარწმუნოებით გამართლებული ვართ, მშვიდობა გვაქვს ღვთის მიმართ ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მიერ, ბრძანებს მოციქული პავლე და იქვეა ნაბრძანები: გასაჭირი შეიქმს მოთმინებას, მოთმინება – სიმტკიცეს, სიმტკიცე – სასოებას, სასოება კი ღვთის სიყვარულს გვინერგავს, რადგან ვიცით, რომ ჩვენს სამშობლოს შეემატა ზეციური მეოხი.
განუზომელი იყო და არის ჩვენი ერის სიყვარული ჩენი პატრიარქის მიმართ. უფალი ღმერთი თავის რჩეულებს საქართველოში აძლევდა ხანგძლივ სიცოცხლეს. ჩვენ იმედი გვქონდა, რომ ჩვენი საყვარელი პატრიარქი მიაღწევდა გრიგოლ ხანძთელის ასაკს – 105 წელს, მაგრამ ადრე დაგვტოვე, რადგან მას აღასრულა თავისი ვალი. ის იყო კლდე, უმტკიცესი საყრდენი, რომელზეც მან თვით ააგო თანამედროვე საქართველოს ეკლესია, განუმტკიცა საზღვრები, მოუპოვა სრული ავტოკეფალია, დაუბრუნა ძველი, ათასწლოვანი საეპისკოპოსო კათედრები, შექმნა მრავალი ახალი ეპარქია, ქართულ ენაზე გადმოიღო და თარგმნინა წმინდა ბიბლია, დააფუძნა უმაღლესი სასულიერო სასწავლებლები და სხვა მრავალი და დიდი საქმე.
თითქმის ნახევარი საუკუნე მქონდა ბედნიერება, ვყოფილიყავი მისი მოსაყდრე და შემდეგ მღვდელმთავარი. ის იყო ძალზე მიზანდასახული, მის წინასწარ ოფიქრებულ გეგმებზე აგებული ქმედებით აღწევდა მრავალ წარმატებას. თავისი უმთავრესი მიზნის შესახებ მან სვეტიცხოვლის ტაძარში განაცხადა 1977 წელს პატრიარქად კურთხევისას: მე მსურსო, ბრძანებდა ის, გამოვავლინო ქართველი ერის შინაგანი ენერგია.
ჩვენ ვგლოვობთ და ვწუხვართ, რომ ამჟამად ვდგავართ სიონის ტაძარში, იმ ადგილზე, სადაც განისვენებენ ჩვენი უდიდესი პატრიარქები, თავდადებული მოღვაწეები. როგორც ილია მართალი ამბობდა, მსგავსი უდიდესი მოღვაწეების მიმართ: “განისვენოთ მშვიდად მათ გვერდით, თქვენ აღასრულეთ თქვენი ვალი”.
საუკუნო იყავ ხსენება შენი ღირსო ნეტარებისაო, უწმინდესო პატრიარქო ჩვენო, ამინ!”, – თქვა ქიროტონიით უხუცესმა მღვდელმთავარმა, მანგლისის და თეთრი წყაროს მიტროპოლიტმა ანანიამ.
