დღევანდელ დღეს განსაკუთრებული სიმძაფრით შეგვიძლია შევიგრძნოთ ჩვენი პატრიარქის სიდიადე და სიამაყით შევახსენოთ თავს, თუ რამდენად დიადია ერი, რომლის წიაღშიც ასეთი მოღვაწე შეიძლება იშვას , – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
კობახიძემ სრულიად საქართველოს მიუსამძიმრა პატრიარქის გარდაცვალება და ილია მეორეს მისი მოღვაწეობის გამო მადლობა გადაუხადა.
„ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს დღევანდელი დღე არის უდიდესი ტკივილით თითოეული ჩვენგანისთვის. დღეს დასრულდა დიდი ეპოქა. ვემშვიდობებით ჩვენს უსაყვარლეს პატრიარქს, სულიერ მამას, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება სამშობლოსა და დედა ეკლესიის მსახურებას მიუძღვნა.
ამასთან ერთად, დღევანდელი დღე არის აღმატებულიც თითოეული მორწმუნე ქართველისთვის. დღევანდელ დღეს განსაკუთრებული სიმძაფრით შეგვიძლია შევიგრძნოთ ჩვენი პატრიარქის სიდიადე და სიამაყით შევახსენოთ თავს, თუ რამდენად დიადია ერი, რომლის წიაღშიც ასეთი მოღვაწე შეიძლება იშვას.
უწმინდესისა და უნეტარესის მოღვაწეობის პირველი წლები გასდევდა ქართული კულტურის ოქროს ხანას. იმ ეპოქის ქართველი მოღვაწეები ქმნიდნენ ახალ შემოქმედებით საგანძურს, რითაც ამდიდრებდნენ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის სულიერებას. უწმინდესმა და უნეტარესმა ამ საქმეს ახალი განზომილება შესძინა და ის ქრისტიანული რწმენის განმტკიცებაში გარდასახა.
გასული წლების განმავლობაში ზეციურ საქართველოში გადაინაცვლა მრავალმა მოღვაწემ და მათ თაობამ, რომელსაც ქართული კულტურის ოქროს ხანის შექმნაში გამორჩეული წვლილი მიუძღოდა. დღეს კი ვემშვიდობებით პატრიარქს, რომელმაც ჩვენი ეკლესიის აღორძინების ოქროს ხანას ჩაუყარა საფუძველი.
ასეთ დროს პატრიარქთან გამომშვიდობებისას შეუძლებელია, მთელი სიმძაფრით არ შევიგრძნოთ დიდი ქართველი პოეტის სიტყვები: „წინაპართაგან წავიდა ყველა…“ და ამ დრო შეუძლებელია, არ დაგეუფლოს დაობლების მძაფრი განცდა. ერთადერთო, რამაც შეიძლება ეს განცდა შეგიმსუბუქოს, არის რწმენა იმისა, რომ უწმინდესი რჩება ჩვენთან ერთად და ზეციური საქართველოდან ლოცვით გააძლიერებს ჩვენ სამშობლოსა და ჩვენს დედა ეკლესიას.
დღესაც ვფიქრობ პატრიარქზე და მის მოღვაწეობაზე და მახსენდება კიდევ სიტყვები დიდი ქართველი პოეტის იმავე ლექსიდან:
„გაშალა ველი ნელმა ნიავმა და მელანდება მე მის წიაღში მოხუცი მამა, მოხუცი მამა სასხლავით ხელში დადის ვენახში“.
ჩვენს მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება მოხუცი მამის ეს ხატება. ბევრჯერ გაგვახსენდება უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, როგორც მოხუცი მამა უვლის მისთვის უძვირფასეს ვენახს, როგორ ევლება თავს დედა ეკლესიას, თავის სამშობლოს და თითოეულ სულიერ შვილს. მადლობა უწმინდესსა და უნეტარესს მისი მოღვაწეობისთვის, მისი უდიდესი ღვაწლისთვის და განუზომელი სიყვარულისთვის. ღმერთმა დალოცოს უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის სული, ღმერთმა დალოცოს და დაიფაროს ჩვენი დედა ეკლესია და ჩვენი სამშობლო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
