93 წლის პატრიარქს ხვალ, შუადღეს, იმ ტაძარში დაკრძალავენ, სადაც პირველად მოიხსენიეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად და როგორც ერის სულიერმა წინამძღვარმა პირველი წირვა ჩაატარა.
1977 წელს გადაღებულ უნიკალურ კადრებში 44 წლის მოსაყდრე ილია მე -12 საეკლესიო კრებას უძღვება.
სასულიერო პირების საგანგებო შეხვედრა პატრიარქი დავითის სიკვდილიდან 45-ე დღის თავზე შედგა და მას 45 დელეგატი ესწრებოდა. დამსწრეებს ბიულეტენში ხელით დაწერილ ერთადერთ კითხვას უნდა ეპასუხათ: ვინ სურდათ სამოციქულო ეკლესიის მომავალ ხელმძღვანელად.
იმ დროს, როცა ეკლესია ახალი წინამძღვრის ასარჩევად ემზადებოდა, გარდაცვლილი პატრიარქის დავით მეხუთის მოსაყდრე ილიამ სიტყვა ითხოვა – მან დელეგატებს მიმართა, არ მორიდებოდათ, თუ მათ სხვა კანდიდატი ჰყავდათ, მისი სახელი წაეშალათ.
ცურტაველი ეპისკოპოსი ვახტანგი ამ ისტორიის მონაწილეა. ვიდეო არქივს შემორჩა კადრები, სადაც 24 წლის დიაკვანი საქართველოს 141-ე პატრიარქის არჩევას ესწრება.
მეუფე ვახტანგი “შაბათის ეთერს” უყვება, რომ ილია მეორეს მხოლოდ 50-მდე მოქმედი ტაძარი დახვდა. ხუთი ეპარქიით და დაახლოებით 70-ი სასულიერო პირით.
კომუნისტური რეჟიმის შიშით იმ დროს წირვაზე მრევლი პრაქტიკულად არ დადიოდა. ილია მეორეს კი დიდი დრო დასჭირდა, რომ ადამიანებში რწმენა და ღმერთი დააბრუნებინა.
ძალიან ბევრი ადამიანი ელოდებოდა მისი უწმინდესობის არჩევას. ყველა რაღაც ახალს ელოდებოდა – რაღაც დიდი მოვლენა მოხდება და ეს არის მისი უწმინდესობის არჩევა პატრიარქად. მეამაყება, რომ ასეთი ადამიანის გვერდით მომიწია თანაცხოვრება.
ეს ისეთი პერიოდია, როცა იდეოლოგია ჯერ კიდევ კომუნისტური იყო. შეზღუდული იყო ეკლესიაში შესვლა. ცოტა ეკლესია იყო გახსნილი. 5-7 ეპისკოსი არ იყო მაშინ საქართველოს ეკლესიაში”- აცხადებს სასულიერო პირი
