გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული სამი არასრულწლოვანის სასამართლო პროცესზე დღეს ორი ექსპერტი დაკითხეს. როგორც პროკურორმა განაცხადა, ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ ავალიანს ნამდვილად ჰქონდა შუბლის ძვლის მოტეხილობა, რაც პირდაპირ კავშირშია მის სასიკვდილო შედეგთან. დაზიანება კი პროკურორის თქმითვე, მიყენებულია მკვრივი, ბლაგვი საგნით:
“დღეს ერთ-ერთი, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი მტკიცებულება იქნა გამოკვლეული, ეს არის კომისიური სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა. დაკითხულმა ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ გიგა ავალიანს ნამდვილად ჰქონდა შუბლის ძვლის მოტეხილობა, რომელმაც გამოიწვია მისი უმძიმესი დაზიანება, რაც პირდაპირ კავშირშია მის სასიკვდილო შედეგთან.
აღნიშნული დაზიანება ცალსახად დადგენილია, რომ მიყენებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის გამოყენებით. ექსპერტი რაიმე მკვრივ, ბლაგვ საგანს განმარტავს, რომ ეს შესაძლებელია იყოს როგორც ადამიანის ანატომიური ორგანო, მათ შორის, ხელი, მუშტი, ფეხი, ასევე შეიძლება იყოს – ქვა, აგური, ხის ნაჭერი და ა.შ. ამ შემთხვევაში როგორი სახის მკვრივ, ბლაგვ საგანზეა საუბარი, ამას ექსპერტი ცალსახად ვერ ადგენს.
დაცვის მხარე აპელირებდა იმაზე, რომ დარტყმის შედეგად, გიგა ავალიანი ასფალტზე, კეფით, პირაღმა მდგომარეობაში დაეცა და დაცემის დროს უნდა მიეღო დაზიანება. თუმცა, კომისიურმა ექსპერტებმა ცალსახად გამორიცხეს მსგავს გარემოებებში შუბლის ძვლის მოტეხილობა, რადგან შუბლის ძვალი დაზარალებულს მოტეხილი აქვს პირდაპირი დარტყმის შედეგად, ფეხზე მდგომს და მიყენების მიმართულება იყო წინიდან უკან და არა პირიქით. დაცემის შედეგად მას დაზიანება უნდა მიეღო კეფის არეში – უკნიდან წინ. ამ შემთხვევაში, გიგა ავალიანს დაზიანება პირდაპირ შუბლის არეში აქვს მიყენებული, რაც იმას ნიშნავს, რომ თავდამსხმელები მას პირისპირ ედგნენ” [IPN] – განაცხადა პროკურორმა ქეთევან სონიძემ.
გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ ალექსანდრე გაბაშვილს, გიორგი რიკაძესა და დემეტრე ჩიქოვანს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-4 ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს ჯგუფურად, რასაც გარდაცვალება მოჰყვა.
