სპარსეთის ყურეში ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ გემზე მყოფი ხუთი ქართველი მეზღვაური დახმარებას ითხოვს. მათი ინფორმაციით, ისინი უკვე რამდენიმე კვირაა ვერ ტოვებენ პორტს და მძიმე პირობებში იმყოფებიან.
მეზღვაურები აცხადებენ, რომ გემის გადაადგილება შეუძლებელია რეგიონში მიმდინარე საომარი მოქმედებებისა და აფეთქებების გამო, რაც უკავშირდება ახლო აღმოსავლეთში დაძაბულ ვითარებას.
მეზღვაურები ახლა საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ პასუხს ელოდებიან. მათმა უფლებამდაცველმა უწყებას ოფიციალური წერილით რამდენიმე დღის წინ მიმართა, თუმცა სამინისტროს ამ დრომდე ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია იმასთან დაკავშირებით, რა ღონისძიებებს მიმართავს იმისთვის, რომ სპარსეთის ყურეში ჩარჩენილი 5 მეზღვაური უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანონ.
ადვოკატის თქმით, მეზღვაურები უკვე 20 დღეზე მეტია სპასრსეთი ყურეში, იმ პორტში არიან ჩარჩენილები, რომელიც არაერთხელ დაიბომბა.
ინტერესების დამცველის თქმით, დახმარების თხოვნით მან სახალხო დამცველსაც მიმართა, თუმცა უწყებაში აცხადებენ, რომ მეზღვაურებმა მათ ოფიციალური წერილით თავად უნდა მიმართონ.
“გაურკვეველ ვითარებაში არიან, შიშში და სტრესში ჩვენი მეზღვაურები და შესაბამისად, ვითხოვთ, რომ საჭიროებს სახელმწიფოს შესაბამისი უწყებების ყურადღებას და მხარდაჭერას. მნიშნელოვანია, რომ ეს დრო არ დავკარგოთ, რომ მოხდეს სწრაფი რეაგირება. ტანკერის ან კატერის მეშვეობით უნდა გადაიყვანონ უსაფრთხო ადგილას. არაერთ უწყებას მივწერეთ და გაოგნებული ვარ სახალხო დამცველის პასუხით. როდესაც ჩვენ ეს განცხადება გადავუგზავნეთ, არ მიიღოს და მომწერეს, რომ ხელმოწერები აკლდა ამ განცხადებას. 20 დღეზე მეტია ისინი ვერ გამოდიან ამ ტერიტორიიდან, შესაბამისად, ვერ დატოვებენ აღნიშნულ ტერიტორიას, ვინაიდან ზღვაშიც არის ადგილები, რომელიც არის დანაღმული” – ამბობს ადვოკატი.
აღსანიშნავია, რომ გუშინდელი დღის შემდეგ მეზღვაურებს ვერც ოჯახის წევრები და ვერც ადვოკატი უკავშირდება.
