2026 წლის თებერვალში თბილისში ბინების გაყიდვები, ასევე საშუალო გასაყიდი ფასი გაიზარდა – მონაცემებს Colliers Georgia ავრცელებს. Recov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,801 ერთეული შეადგინა და გასული წლის თებერვალთან შედარებით 20.4%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ბაზრის ზომა 34.4%-ით, 311 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
2026 წლის თებერვალში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2025 წლის თებერვალთან შედარებით 9.1%-ით გაიზარდა გარეუბნებში, 8.2%-ით – ფართო ცენტრში, ხოლო ქალაქის ცენტრში 14.7%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ქალაქის ცენტრში ახალაშენებული ბინების პირველად ბაზარზე ფასებმა 15.1%-ით მოიმატა, რაც განპირობებულია დეველოპერების მიერ ტრანზაქციების დაგვიანებული რეგისტრაციით, ხოლო ქალაქის ცენტრის მეორეულ ბაზარზე 8.2%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ქალაქის მასშტაბით პირველადი ტრანზაქციების საშუალო შეწონილი ფასის ზრდამ 10.7% შეადგინა. მეორეულ ბაზარზე კი საშუალო შეწონილი ფასი ქალაქის მასშტაბით 6.3%-ით გაიზარდა.
2026 წლის თებერვალში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2025 წლის თებერვალთან შედარებით 8%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრში 4.8%-ით, ხოლო ქალაქის ცენტრში კი 11.6%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ქალაქის მასშტაბით ძველ პროექტებში ფასმა 8.5%-ით მოიმატა.
2026 წლის თებერვალში თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის თებერვალთან შედარებით 21.7%-ით გაიზარდა. ზრდა დაფიქსირდა ახალაშენებული ბინების როგორც პირველად (23.9%), ისე მეორეულ ბაზრებზე (18.5%). ტრანზაქციების რაოდენობა 15.7%-ით გაიზარდა ძველ პროექტებშიც.
