სამწუხაროდ, პეტერ ფიშერი ელჩი აღარ არის, ის გასულია ყველანაირი სტანდარტიდან და დიპლომატიური ჩარჩოდან. დეზინფორმაციის ერთ-ერთ გამავრცელებელ პირად არის გადაქცეული, – ამის შესახებ არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ასეთი დამოკიდებულება საზოგადოებაში განსხვავებულ პოზიციებს აჩენს იმ ქვეყნის მიმართ, ვისთან ურთიერთობაც მნიშვნელოვანია.
„დეზინფორმაციის გამავრცელებელი ე.წ. ელჩი თავისას არ იშლის. ცდილობს, რაიმე ნიუსის საფუძველი შექმნას, რასაც შემდეგ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მიერ მართული ტელევიზიები გააშუქებენ და ამით ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაზიანებას შეეცდებიან“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
საქართველოში გერმანიის ელჩმა პიტერ ფიშერმა სოციალურ ქსელში დაწერა: „ვადასტურებ ჩემს განცხადებას, რომ ყულევი შეტანილი იყო ევროკავშირის წინადადებაში და წარმოდგენილი იყო მტკიცებულებების პაკეტი“.
ამასთან, გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტზე საუბრისას, 24 თებერვალს განაცხადა: „მინდა, აღვნიშნო, რომ უნგრეთი არის თქვენი საუკეთესო მეგობარი ევროკავშირში, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ აირჩია თავის მოკავშირედ. როგორც ამბობენ, ის უნდა დაგეხმაროთ ევროკავშირში გაწევრიანებაში. კიდევ ერთხელ დაფიქრდით, ეს არ მოხდება. ჩვენ ვისაუბრეთ სანქციებზე, სასანქციო პაკეტში ყულევის პორტიც იყო. ეს იყო საკანონმდებლო წინადადება ევროკავშირში. ის ასევე დაიბლოკა უნგრეთის და სლოვაკეთის მიერ“.
ცნობისთვის, ევროკავშირმა საქართველოში მდებარე ყულევის ნავთობის ტერმინალი რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა მე-20 პაკეტიდან ამოიღო. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, დევიდ ო’სალივანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს წერილით აცნობა.
