ყაველაშვილმა განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის მსჯავრდებული რამაზ ხანგოშვილი შეიწყალა – ამის შესახებ ინფორმაციას “საქართველოს ამბები” ავრცელებს. მას 9-წლიანი პატიმრობა 2019 წელს მიუსაჯეს და საპატიმროში 2028 წლის ბოლომდე უნდა დარჩენილიყო.
საქმე ეხება 2019 წლის 27 ნოემბერს, პანკისის ხეობაში, სოფელ საკობიანოსთან მომხდარ შეიარაღებულ კონფლიქტს. ამ დაპირისპირებისას 37 წლის ვისურ მუთოშვილი მოკლეს, ხოლო რუსლან მუთოშვილი სახეში დაჭრეს. “საქართველოს ამბები” წერს, რომ დაზარალებულები პანკისის ხეობაში „ხადორი 3“-ისა და „სამყურისწყალი 2“-ის მშენებლობას ეწინააღმდეგებოდნენ. თავდამსხმელები – რამაზ ხანგოშვილი, არბი ქავთარაშვილი და მათთან ერთად მყოფი შეიარაღებული ჯგუფის სხვა წევრები კი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა ბანაკში, ჰესების მომხრეებს შორის იყვნენ.
