კახეთში პოლიციელის სამსახურებრივი “Toyota Hilux”აალდა – საუბარია რეგიონის პოლიციის დეპარტამენტის ერთ-ერთი განყოფილების უფროსზე, რომელიც პირად საქმეზე, სამმართველოს კუთვნილი ავტომობილით გადაადგილდებოდა. ინფორმაციას “მთავარი ამბები კახეთიდან” ავრცელებს.
ცეცხლი ადგილზე მყოფმა პირებმა შენიშნეს და მისი ჩაქრობა დროულად მოახერხეს.
თვითმხილველები ავტომობილის დაწვის მცდელობაზე საუბრობენ.
მათი თქმით, ცეცხლი მანქანას ნიღბიანმა პირმა წაუკიდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, რის შემდეგაც სამართალდამცავებმა საპოლიციო რეიდი მოაწყვეს და ადგილობრივები გამოკითხვაზე დაიბარეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ “Toyota Hilux”-ი ტექნიკური გაუმართაობის გამო აალდა და დაწვის მცდელობას ადგილი არ ჰქონია.
უწყების ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს.
