სამ საათიანი გამოკითხვაა დასრულებულია – გივი თარგამაძემ სუს-ის შენობა რამდენიმე წუთის წინ დატოვა.
[გამოკითხვის] ძირითადი არსი იყო, რომ ასეთ ვითარებაში ჩემი განცხადება ვნებდა თუ არა ქვეყანას. ჩემი პასუხი არის ერთმნიშვნელოვნად „არა!“ – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ჟურნალისტებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვის დასრულების შემდეგ განუცხადა.
მისივე თქმით, მან გამოკითხვაზე დააფიქსირა, რომ ყველა ინფორმაცია ჰქონდა ღია წყაროებიდან.
„მოლოდინები არანაირი არ მაქვს. [გამოკითხვის] ძირითადი არსი იყო, რომ ასეთ ვითარებაში ჩემი განცხადება ვნებდა თუ არა ქვეყანას. ჩემი პასუხი არის ერთმნიშვნელოვნად „არა!“. შევეცადე ამეხსნა, რომ ქვეყანას ვნებს რაც ხდება და რისი პრევენციაც ვერ ხერხდება. ჩემი შეფასება იყო მოწოდებული იმისთვის, რომ მეტად იმუშაონ და პრევენცია მოახდინონ იმისი, რაც ვნებს ქვეყანას.
ყველა ინფორმაცია მქონდა ღია წყაროებიდან, მათაც აქვთ და ყველას აქვს, შესაბამისი მუშაობა უნდა ამ ფაქტებზე, იმისთვის, რომ ეს არ გაგრძელდეს. სამწუხაროდ, ჩვენი გამოკითხვების პარალელურად სიტუაცია ვითარდება ძალიან საჯაროდ, თავხედურად, ძალიან მიზანმიმართულად და შეუჩერებლად. ამიტომ იმედი მაქვს, რომ დაძაბავენ თავის ძალისხმევას და მიმართავენ იქით, საითკენაც უნდა მიმართონ. არანაირი გამოსვლა და განხილვა არ აჩენს საფრთხეს, საფრთხეს აჩენს ის ქმედება, რომელიც გრძელდება, რომლის პრევენციაც ამ სამსახურმა უნდა მოახდინოს. ვერ მუშაობს სათანადოდ ეს სისტემა, ხომ ფაქტია, პრევენციას ვერ ახდენს და მე მინდა, რომ მოახდინოს, ეს იყო ჩემი მიზანი“,- განაცხადა გივი თარგამაძემ.
