„გუდვილის“ გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ხაბაშვილმა ფასების შემსწავლელ კომისიის სხდომაზე განაცხადა, რომ საქონლის ხორცზე და პრემიალურ კარაქზე ფასდაკლებას აქვს დიდი შედეგი, მაგრამ არის პროდუქტები, რომელზე ფასდაკლებისას მომხმარებლები არ რეაგირებენ.
მისივე განცხადებით, „გუდვილში“ ფასდაკლება და მათ შორის, ძალიან ღრმა ფასდაკლება დიდ ზეგავლენას ვერ ახდენს გაყიდვების ზრდაზე.
“გუდვილის“ შემთხვევაში, ჩვენ არ ვართ საშუალო მინუს და სხვა სეგმენტზე, ჩვენი სეგმენტი არის საშუალო პლუსი და ზედა სეგმენტი. კოლეგა საუბრობდა აქ, რომ სხვადასხვა უბნების მიხედვით განსხვავებულია მომხმარებლის ინტერესიო, სეგმენტების მიხედვით კიდევ უფრო განსხვავებულია მომხმარებლის ინტერესი. ჩვენთან, მაგალითად, ფასდაკლება და მათ შორის, ძალიან ღრმა ფასდაკლება იმხელა ზეგავლენას ვერ ახდენს გაყიდვების ზრდაზე. არის რამდენიმე პროდუქტი, მაგალითად, საქონლის ხორცი, პრემიალური კარაქი, სადაც დიდ ფასდაკლებას აქვს დიდი შედეგი, თუმცა არის პროდუქტები, რომელზეც ფასდაკლების შემთხვევაში მომხმარებლები არ რეაგირებენ.
რაც შეეხება დანაკარგებს და დანაკლისებს, „გუდვილის“ შემთხვევაში, დანაკლისები „გუდვილს“ აწვება როგორც ხარჯი და არცერთი ჩვენი მომწოდებელი ამ დანაკლისებს თავის თავზე არ იღებს.
ამასთან, ჩვენ, „გუდვილი“ საიჯარო ქირის სახით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იჯარების გადამხდელები ვართ, მაგრამ ეს ჩვენი გაცნობიერებული არჩევანია, იმიტომ, რომ გვინდა ვიყოთ პრემიალურ მშენებლობებში, პრემიალურ სავაჭრო ცენტრებში, ყველაზე ძვირიან ადგილებში წარმოდგენილი. იმიტომ, რომ ქონების მესაკუთრე პრემიალურ უძრავ ქონებაში, ცოტა და ხშირად ბევრად ძვირს მეუბნება საიჯარო ფასს, მე არ მიმაჩნია სწორად ეკონომიკური, ბიზნეს თვალსაზრისით, რომ წავიდე აღმასრულებელ ან საკანონმდებლო ორგანოში და ვუთხრა მათ, ქონების მესაკუთრეს აუკრძალე და ჩაუკეტე იჯარის ზედა ზღვარი-მეთქი“,- განაცხადა ხაბაშვილმა.
