ცხოველთა დაცვის ორგანიზაციების განცხადებით, საქართველოში თავშესაფარში სტერილიზაციისთვის ბევრი ცხოველი გაუჩინარდა. სააგენტოს, ასევე, ხშირად თავშესაფარში გადაჰყავდა უკვე სტერილიზებული ცხოველებიც. ორგანიზაციები Zero Strays Georgia, Animal Project და Peteasy მოითხოვენ, რომ სტერილიზაციისთვის გადაყვანილი ცხოველები დაბრუნდნენ თავდაპირველ საცხოვრებელ გარემოში.
“ორგანიზაციების Zero Strays Georgia-ს, Animal Project-ისა და Peteasy-ს აზრით, მიუსაფარი კომპანიონი ცხოველების მასობრივი სტერილიზაცია აუცილებელია ჰიპერპოპულაციის პრობლემის გადასაჭრელად, თუმცა სააგენტომ უნდა შეიტანოს შემდეგი ცვლილებები აღსრულებაში, კანონსა და განკარგულებებში:
– სტერილიზებული (საჭდიანი) ცხოველი არ უნდა გადაიყვანონ თავშესაფარში, თუ მას არ სჭირდება შესაბამისი მკურნალობა. ვაქცინაცია უნდა ჩატარდეს ადგილზევე;
– აუცილებელია, თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველი დაბრუნდეს პირვანდელ საცხოვრებელ არეალში. ახალ ლოკაციაზე დაბრუნებისას ის დაკარგავს ორიენტაციასა და საკვებ წყაროებს.
შესაძლოა, ახალ ლოკაციაზე მოუწიოს სხვა ძაღლებთან კონკურენციაში შესვლა და თავის დაცვა.
განკარგულებაში გაწერილი შეზღუდვები კონკრეტული ტიპის დაწესებულების სიახლოვეში ძაღლის დაბრუნების შესახებ არა მხოლოდ ბუნდოვანია, არამედ აზრს მოკლებულიც. თუ ძაღლს დაწესებულების სიახლოვეში არ დავაბრუნებთ, მის ადგილს დაიკავებს სხვა მიუსაფარი ცხოველი. დაწესებულებებთან ცხოველების მიმოსვლის შეზღუდვა შესაძლებელია მხოლოდ შემოღობვით. აუცილებელია, N412 განკარგულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტიდან ამოვიღოთ შეზღუდვები ძაღლის დასაბრუნებელ არეალზე.
– მოვითხოვთ, ასევე, რომ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაასაჯაროვოს, სად წაიყვანეს ქუჩებიდან აყვანილი და გაუჩინარებული ცხოველები და მოახდინოს მიმკედლებლებისა და ცხოველმოყვარული აქტივისტების ინფორმირება მათ მზრუნველობაში მყოფ ცხოველებზე” – წერია განცხადებაში.
