“პოლიციელი მაღაზიაში შევიდა, მოლარე-კონსულტანტს თმებში სწვდა და მუქარით თანხა გამოსძალა” – ამბობს თვითმხილველი აჭარა თაიმსთან.
ადგილობრივი მედია, ბათუმელები წერს, რომ ყაჩაღობაში ბრალდებულ პოლიციელს, ტარიელ რიჟვაძეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მათივე ცნობით, სასამართლო სხდომა 2026 წლის 26 თებერვალს გაიმართა. დაპატიმრებულ პოლიციელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის ყაჩაღობის მუხლით აქვს წარდგენილი, რომლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს მხოლოდ თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე.
დღეს ცნობილი გახდა, რომ 24 თებერვალს ბათუმში მოქმედმა პოლიციელმა, ტარიელ რიჟვაძემ, ერთ-ერთი მაღაზია დააყაჩაღა. აჭარა თაიმსის ინფორმაციით, პოლიციელმა აზარტულ თამაშებში თანხა წააგო, რაც დანაშაულის ჩადენის სავარაუდო მიზეზი გახდა. 112-ში კი თავადვე დარეკა და დანაშაულის შესახებ შეატყობინა. გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს.
