სოფელ აღაიანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, 7 მარტს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში გადამოწმების მიზნით „KIA“-ს მარკის ავტომობილს გაჩერებისკენ მოუწოდა, თუმცა მძღოლი სამართალდამცველების მოთხოვნას არ დაემორჩილა და დიდი სიჩქარით განაგრძო მოძრაობა სოფელ აღაიანის მიმართულებით.
შსს-ს ცნობით, ავტომობილის სახელმწიფო ნომრის იდენტიფიცირების შემდეგ საპატრულო ეკიპაჟმა დევნა შეწყვიტა, თუმცა მოგვიანებით უკვე სოფელ აღაიანის ტერიტორიაზე დაზიანებულ ავტომობილს და მასში მყოფ სამ პირს გადააწყდა. დაშავებულები პატრულის დახმარებით ავტომობილიდან გადმოიყვანეს და სამედიცინო დახმარების მისაღებად კლინიკაში გადაიყვანეს.
“მიმდინარე წლის 7 მარტს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა გადამოწმების მიზნით, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში მოძრავ ავტომობილს გაჩერებისკენ მოუწოდა. სამართალდამცველების მხრიდან არაერთი მოწოდების მიუხედავად, ავტომობილის მძღოლმა დიდი სიჩქარით განაგრძო მოძრაობა სოფელ აღაიანის მიმართულებით, რის გამოც საპატრულო ეკიპაჟი კანონდამრღვევ ავტომობილს უკან გაჰყვა. „KIA”-ს მარკის ავტომობილის სახელმწიფო ნომრის იდენტიფიცირებისთანავე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი ჩამოშორდა კანონდამრღვევ ავტომობილს.
სოფელ აღაიანიდან, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის მიმართულებით მოძრაობისას, საპატრულო ეკიპაჟის მიერ ნანახი იქნა „KIA”-ს მარკის დაზიანებული ავტომობილი და მასში მყოფი სამი პირი, რომლებიც პატრულ-ინსპექტორების დახმარებით გადმოყვანილ იქნენ ავტომობილიდან.
დაშავებული პირები მოგვიანებით შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდარის შემდეგ, შემთხვევის ადგილზე ადგილობრივი მოსახლეობა შეიკრიბა. ისინი გამოირჩეოდნენ აგრესიულობით, რა დროსაც დაზიანდა საპატრულო პოლიციის ავტომობილი.
ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევისა და საპოლიციო საქმიანობასთან დაკავშირებით, სამსახურებრივ სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 353-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს”, – ნათქვამია განცხადებაში.
