“ვიღაცამ ახლახან თქვა: „მეგობარი გასაჭირში იცნობა.“
მეგობრობა მხოლოდ კეთილი სიტყვებით არ დასტურდება – ის რთულ დროსაც უნდა გამოიცადოს.
ირანის ისლამური რესპუბლიკის მიერ ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ წარმოებული ტერორი ახალი მოვლენა არ არის. ათწლეულების განმავლობაში თეირანის რეჟიმი ალი ხამენეის ხელმძღვანელობით, აფინანსებდა, აიარაღებდა და ხელს უწყობდა ორგანიზაციებს, რომლებიც მოქმედებენ უდანაშაულო ისრაელელი და სხვა მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ და ძირს უთხრიან სტაბილურობას მთელ რეგიონში. ჩვენი ომი და ჩვენი ბრძოლა არ არის ირანელი ხალხის წინააღმდეგ – ხალხის, რომელიც თავად იტანჯება ამ ტერორისტული რეჟიმის 47 წლიანი მმართველობის ქვეშ. ეს არის ბრძოლა სწორედ ამ მკვლელი რეჟიმის წინააღმდეგ.
ჩვენ ყველას გვსურს და ვიმედოვნებთ, რომ მალე ყველა – ირანელები, ისრაელელები და ირანის მეზობელი ქვეყნები – ვიცხოვრებთ უსაფრთხოდ და მშვიდობაში.
ისრაელი გააგრძელებს თავისი მოქალაქეებისა და მათი უფლების დაცვას, რომ იცხოვრონ უსაფრთხოდ საკუთარ ქვეყანაში – ისევე, როგორც ამას ნებისმიერი სუვერენული სახელმწიფო გააკეთებდა. ისტორია გვასწავლის, რომ სწორედ რთულ დროში მეგობრობა, მორალური სიმტკიცე და ტერორისა და ძალადობის მიმართ მკაფიო პოზიცია, არის ის ღირებულებები, რაც ხალხებს შორის კავშირებს განამტკიცებს.
ხალხებს შორის ნამდვილი მეგობრობა იზომება მათი უნარით, გაარჩიონ თუ ვინ ირჩევს სიცოცხლის, სტაბილურობისა და თანამშრომლობის გზას, და ვინ ირჩევს ტერორის, ექსტრემიზმსა და ძალადობის გზას.
მართალია, მეზობლებს ვერ ვირჩევთ, მაგრამ მეგობრებს – ვირჩევთ. 2600-წლიანი მეგობრობა, რომელიც ქართველ და ებრაელ ხალხებს შორის არსებობს და დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემასა და საერთო ღირებულებებზე, დღესაც, განსაკუთრებით რთულ დროშიც უნდა გამოვლინდეს.” – წერს ისრაელის საელჩო საქართველოში
ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი, ალი მოჯანი აცხადებს, რომ საქართველოს მაღალი რანგის წარმომადგენელმა სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა, თუმცა მის ვინაობას არ აკონკრეტებს. ელმა სამძიმრის ჩანაწერის ფოტო პლატფორმა X-ზე გამოაქვეყნა და დაწერა: “საქართველოს მთავრობისა და ხალხის პატივცემულო წარმომადგენელო, მადლობელი ვარ, რომ დღეს თბილისში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოში მოხვედით, რათა ირანის წამებული ლიდერისა და უდანაშაულო მოქალაქეების პატივსაცემად მემორიალურ წიგნში ჩანაწერი გაგეკეთებინათ. მეგობარი რთულ დროს იცნობა.”
