აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აშშ-ის ჯარების ირანში განლაგებას განიხილავს, – ამის შესახებ „ენბისი ნიუსი“ წერს.
როგორც „ენბისი ნიუსი“ წყაროებზე დაყრდნობით წერს, დონალდ ტრამპი კერძო საუბრებში სერიოზულ დაინტერესებას გამოხატავს ირანის ტერიტორიაზე შეზღუდული ამერიკული კონტინგენტის განლაგებასთან დაკავშირებით. კერძოდ, აშშ-ის პრეზიდენტი ამ იდეას განიხილავს თავის თანაშემწეებთან და რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებთან.
ტელეკომპანიის წყაროები განმარტავენ, რომ პრეზიდენტის კომენტარები არ გულისხმობს ირანში მასშტაბურ სახმელეთო შეჭრას, არამედ ეხება ამერიკული ჯარების მცირე კონტინგენტის განლაგებას კონკრეტული სტრატეგიული მიზნებისთვის. ამასთან, ტრამპს ჯერჯერობით არც შესაბამისი გადაწყვეტილება მიუღია და არც ბრძანება გაუცია.
წყაროების თქმით, საუბრებში პრეზიდენტი ომის შემდგომი ირანის თავის ხედვას უზიარებს, კერძოდ, მისი თქმით, ეს იქნება ქვეყანა, სადაც ირანული ურანი უსაფრთხო იქნება, ხოლო აშშ და ახალი ირანი ნავთობის წარმოების კუთხით ითანამშრომლებენ, აშშ-ვენესუელას ამჟამინდელი ურთიერთობის მსგავსად.
თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ქეროლაინ ლევიტმა უარყო აღნიშნული ინფორმაცია და აღნიშნა, რომ „ეს სტატია ეფუძნება ანონიმური წყაროების ვარაუდებს, რომლებიც არ შედიან პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების გუნდში და აშკარად არ არიან გათვითცნობიერებული ამ განხილვებში“.
