ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულების, ძმები მიქაძეების ადვოკატმა, შორენა ნიქაბაძემ განაცხადა, რომ პოლიციელის პატაკში გადმოცემული ტექსტი ძალიან ჰგავს საქმეში ბრალდების მხარის ერთ-ერთი მოწმის, კონსტანტინე მორგოშიას მიერ მიცემულ ჩვენებას.
დღეს სასამართლოში ჩვენება დეტექტივმა რომიკო გოგიაშვილმა მისცა. ის პატაკის ავტორი პოლიციელია. გოგიაშვილის ჩვენების მიხედვით, მას კონფიდენტმა ინფორმაცია მიაწოდა, რომლის მიხედვითაც, ოთარ ფარცხალაძეს და ძმებ მიქაძეებს ლევან ჯანგველაძესთან ხშირი კვეთა, ბოლო პერიოდში კი დაპირისპირება ჰქონდათ.
გასულ სხდომაზე კი მოკლული ბიზნესმენის მეგობარი, კონსტანტინე მორგოშია დაიკითხა, რომელმაც იგივე გარემოებებზე ისაუბრა.
„დღეს სასამართლოში პროკურატურის ერთ-ერთი მთავარი მოწმე დაიკითხა, რომელმაც გვითხრა, რომ მის მიერ პატაკით მოპოვებული ინფორმაცია კანონის ჩარჩოებიდან გასული იყო და სამართლებრივი საფუძველი მის მიერ პატაკში გადმოცემულ ინფორმაციას არ ჰქონდა, ძირითადად ის ეფუძნებოდა ჭორებს.
პატაკში გადმოცემული ტექსტი ძალიან ჰგავს საქმეში ბრალდების მხარის ერთ-ერთი მოწმის კონსტანტინე მორგოშიას მიერ მიცემულ ჩვენებას, ამის თაობაზე პატაკის ავტორთან კითხვა დავსვით, რადგან ისინი ერთი-ერთში იმეორებენ მოვლენის აღწერის ფრაზეოლოგიას, რაც ეჭვს აჩენს, რომ არავითარი წყარო და კონფიდენტი არ არსებობდა, პატაკში გადმოცემული ინფორმაციების ავტორი პროკურატურის მოწმე კოკა მორგოშია გახლავთ”,- განაცხადა შორენა ნიქაბაძემ.
ცნობისთვის, გამოძიება ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებას ედავება.
გიორგი ჯოხაძეს ასევე, გიორგი კაჭკაჭაშვილთან ერთად მართლსაწინააღმდეგოდ ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღების შეძენას ედავებიან.
ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით, განზრახ მკვლელობისთვის და გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობისთვის მსჯავრდებულია გელა უძილაური. მას უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. აღნიშნული საქმის ფარგლებში ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღების ფაქტზე მსჯავრდებულია სანდრო წივწივაძე, მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
ამავე საქმის ფარგლებში ბრალდებულია ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25/109-ე მუხლის ,,ნ“ ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ოთარ რომანოვ- ფარცხალაძე რუსეთის მოქალაქეა, მის მიმართ საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.
