ლევან მახაშვილმა ჟურნალისტებთან „ოპოზიციის ალიანსზე“ ისაუბრა და განაცხადა, რომ ისინი პროცესს გვერდიდან დააკვირდებიან და „პოპკორნით“ უყურებენ, როგორ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, ხოლო თავად ოპოზიციამ უნდა გაარკვიოს, “ვინ ვინ არის.”
მისი თქმით, მმართველი ძალისთვის ეს პროცესი ნაკლებად საინტერესოა.
„პოპკორნს მივირთმევთ და დავაკვირდებით, ერთმანეთს როგორ შეჭამენ. ამ ოპოზიციურ ფლანგზე ახალი არაფერი ხდება. თვითონ გაერკვნენ – ვინ ვინ არის, რა რა არის. საზოგადოებამ ყველაფერი ძალიან კარგად იცის ერთზეც, მეორეზეც და მესამეზეც: ვინ არიან, რა უკეთებიათ ქვეყნისთვის და ხალხისთვის და ზოგიერთი მათგანი დღესაც რას აკეთებს, რომ ერთი სული აქვთ, იქნებ რომელიმე ქართულ სკოლასაც დრონი დაეცეს და აფეთქდეს. ჩვენთვის, როგორც მმართველი ძალისთვის ეს პროცესი ნაკლებად საინტერესოა, თავად გაერკვნენ ერთმანეთში“, – განაცხადა მახაშვილმა.
ამასთან, ლევან მახაშვილმა შეაფასა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომლის მიხედვითაც ის პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ მოღალატეს უწოდებს და აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის შეფასებები მიუღებელია იმ ადამიანისგან, რომლის მოვალეობა სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვა და პატივისცემა უნდა იყოს.
„მე „გახარიელების“ დამცველად ნამდვილად ვერ გამოვდგები, მაგრამ როდესაც საუბარია პარლამენტზე, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტის პატივისცემაზე, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამ ტიპის განცხადებებს აკეთებს, მით უმეტეს ყოფილი პრეზიდენტი, რომლის უპირველესი მოვალეობა უნდა იყოს სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვა და პატივისცემა, ყოვლად მიუღებელია მსგავსი ტიპის შეფასებები. ჩვენ სხვა ვერავის დამცველად ვერ გამოვდგებით, მაგრამ ყველას მოვუწოდებთ, რომ პატივი სცენ საქართველოს პარლამენტს – არა მხოლოდ პარლამენტს, არამედ იმ ადამიანებს, რომლებმაც მხარდაჭერა გამოხატეს ამა თუ იმ პარტიის მიმართ – მინიმუმ ამის გამო უნდა გააკეთონ ნორმალური განცხადებები. ამ ტიპის ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ახალი არ არის, ეს მისი სტილია, მისი სტრატეგიაა”, – აღნიშნა მახაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სოციალურ ქსელში, როდესაც ხალხის კითხვებს პასუხობდა, აღნიშნა, რომ პარტიები, რომლებიც ხან შედიან პარლამენტში და ხან „ოცნების“ გზავნილებს იმეორებენ, ესენი არიან მოღალატეები. მისი თქმით, ოპოზიცია ერთობას მაინც მიაღწევს.
