ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების გამო, საქართველოს საჰაერო სივრცეზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა. აღნიშნული ჩანს ფრენების რეალურ დროში მონიტორინგის რუკაზეც. ასეთივე მკვეთრი ზრდა ფიქსირდებოდა სისტემაში, მაშინ, როდესაც რუსეთმა უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები დაიწყო. სწორედ ამის შემდეგ საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებაზე, როგორც უსაფრთხო მარშრუტზე, მოთხოვნამ მნიშვნელოვნად მოიმატა. ამაზე მიუთითებს „საქაერონავიგაციის“ მიერ გამოქვეყნებული ფინანსური მაჩვენებლებიც, რომელიც 4-წლიან ინტერვალში შემოსავლების 123%-იან ზრდას აჩვენებს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მიერ კონტროლირებადი საჰაერო სივრცე 89 300 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს. ავიაკომპანიები, რომლებიც საქართველოს საჰაერო სივრცეს იყენებენ ან ადგილობრივ აეროპორტებში ეშვებიან, სააერნაოსნო მომსახურებისთვის სპეციალურ საფასურს იხდიან.
სააერნაოსნო მომსახურებას საქართველოში შპს „საქაერონავიგაცია“ უზრუნველყოფს. კომპანია სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ მიერ სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაა და საქართველოს საჰაერო სივრცეში, ასევე თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტებზე სააერნაოსნო მომსახურებას უწევს საჰაერო სივრცის მომხმარებლებს.
„საქაერონავიგაციის“ შემოსავლის ძირითადი წყარო მარშრუტისა და ტერმინალის სააერნაოსნო მომსახურებიდან მიღებული თანხებია, რომელიც დამოკიდებულია:
საქართველოს საჰაერო სივრცეში განხორციელებული ფრენების რაოდენობაზე,
ფრენის მანძილზე,
საჰაერო ხომალდის ასაფრენ მასაზე.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებაზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად – 123%-ით გაიზარდა.
კერძოდ:
2021 წელი – 76 476 693 ლარი
2022 წელი – 158 869 692 ლარი
2023 წელი – 154 167 670 ლარი
2024 წელი – 170 899 350 ლარი
