“2026 წლის 26 იანვარს, უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში, გაეროს 106-მა წევრმა სახელმწიფომ საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა შეაფასა და ქვეყანას 315 რეკომენდაცია წარუდგინა” – ინფორმაციას სოციალური სამართლიანობის ცენტრი ავრცელებს.
რეკომენდაციები არაერთ მიმართულებას მოიცავს, თუმცა მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ეხება ავტორიტარიზმის კონსოლიდაციის პროცესში მიღებულ რეპრესიულ საკანონმდებლო რეგულაციებსა და მათ აღსრულებას.
წინა ციკლებისგან განსხვავებით, რეკომენდაციებში მკაფიოდ ჩანს ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის გაუარესების, კანონის უზენაესობის უგულებელყოფის, სამოქალაქო საზოგადოებაზე, მედიასა და კრიტიკულად განწყობილ პირებზე თავდასხმის ტენდენცია, ასევე ცალკეული ჯგუფების მიზანში ამოღება.
მთავარი თემები, რომლებზეც საერთაშორისო საზოგადოებამ გაამახვილა ყურადღება:
შეკრებისა და მანიფესტაციების თავისუფლება – 24 სახელმწიფომ მოითხოვა კანონმდებლობის შეცვლა, რომელიც ზღუდავს პროტესტის უფლებას;
პროტესტის მონაწილეების და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობა – 26 ქვეყანამ მოუწოდა სახელმწიფოს გამოიძიოს ძალის გადამეტების, არასათანადო მოპყრობისა და წამების ფაქტები;
პოლიტიკურად მოტივირებული დევნა – არაერთმა ქვეყანამ მოითხოვა თვითნებურად დაკავებული პირების გათავისუფლება;
სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვა – 38 სახელმწიფომ მოუწოდა ხელისუფლებას გააუქმოს ან შეცვალოს ისეთი კანონები, როგორიცაა “უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” და სხვა შემზღუდავი რეგულაციები;
მედიის თავისუფლება – 33 ქვეყანამ რეკომენდაცია გასცა დამოუკიდებელი მედიის დაცვისა და გამოხატვის თავისუფლების განმტკიცების შესახებ.” წერს ორგანიზაცია.
საბოლოოდ, 2026 წლის ზაფხულში გახდება ცნობილი, რომელ რეკომენდაციებს მიიღებს საქართველო შესასრულებლად და რომელს – არა.
