კონფლიქტის ზონაში და მის შორიახლოს ჩარჩენილი ქართველები დახმარებას ითხოვენ. ახლო აღმოსავლეთში “ჩარჩენილი” საქართველოს მოქალაქეები ამბობენ, რომ საელჩოებთან მუდმივი კონტაქტი აქვთ, თუმცა უკვე დანიშნულ სპეც-რეისებზე ადგილი აღარ არის და არ იციან შემდეგი რეისები თუ დაინიშნება.
არსებული ინფორმაციით, ტაილანდში ამ დროისთვის 200-მდე ქართველია “ჩარჩენილი”, საქართველოს მოქალაქეები არიან ფუკეტშიც, შრი-ლანკაზეც და დუბაიშიც.
ისინი რეაგირებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ითხოვენ.
“უკან დასაბრუნებელი ბილეთები გვქონდა 2 მარტს, 2-ში გვქონდა ფრენა და გადაგვიდეს. დავიწყეთ ერთობლივად ძებნა, რომ რამე ალტერნატივა გვეპოვა, თუმცა არ გამოვიდა იქიდან გამომდინარე, რომ ყველა რეისი შევსებულია, ყველა ფასიანზე თანახმა ვიყავით, რომ როგორმე ბილეთი გვეყიდა, მაგრამ ფიზიკურად არ არის. რამდენადაც ვიცი, სადღაც 180 ქართველი ვართ. საელჩოსთანაც კავშირი გვაქვს და დღეს რამდენჯერმე ვესაუბრეთ, გვითხრეს, რომ არ იგეგმება ამ ეტაპზე რაიმე ჩარტერული რეისის დანიშვნა იმისთვის, რომ ეს ხალხი გაგვიყვანონ აქედან, სხვას ვერაფერს ვერ გვპირდებიან,” – ამბობს საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქე.
