დღეს, 3 მარტს ხანძარი იყო ბანკ „ლიბერთის” სათავო ოფისში, რომელიც თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარეობს. ცეცხლი შენობის ერთ მხარეს, რამდენიმე სართულის სიმაღლეზე იყო მოდებული.
ხანძარი, რომლის გამომწვევ მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, გამთენიისას ლიკვიდირებული იყო. ბანკის ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.
დილით „ლიბერთის” ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, რომ ცეცხლი გაჩნდა დამხმარე ლიფტის შახტაში, ხანძარი ადრეულ ეტაპზე აღმოაჩინეს და შესაბამისი სამსახურების დროული რეაგირების შედეგად არ გავრცელებულა საოფისე სივრცეებში. დაზიანებულია შენობის მარცხენა კიდის ფასადი.
ბანკის ინფორმაციით, ეს სივრცე ფიზიკურად დაშორებულია შენობის დანარჩენ ნაწილებს და არ წარმოადგენს საფრთხეს შენობის ოპერაციული ფუნქციონირებისთვის. „ლიბერთიში” აცხადებენ, რომ ბანკის ფუნქციონირებას საფრთხე არ ემუქრება და მომსახურების პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება.
