აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაციის შემდეგ ირანში დროებითი ლიდერთა საბჭო ჩამოყალიბდა, რომელიც ქვეყნის მართვას ახალი უზენაესი ლიდერის არჩევამდე განახორციელებს.
საბჭოს წევრები არიან აიათოლა ალირეზა არაფი, პრეზიდენტი მასუდ პეზეშკიანი და სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელი ღოლამ-ჰოსეინ მოჰსენი-ეჯეი. ირანის ოფიციალური პირების განცხადებით, არაფი ხამენეის ნდობით აღჭურვილი ფიგურა იყო და გავლენიან სახელმწიფო ინსტიტუტებში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
ირანის კონსტიტუციის თანახმად, უზენაესი ლიდერის არყოფნის შემთხვევაში მისი უფლებამოსილება დროებით სწორედ ასეთ საბჭოს გადაეცემა, ვიდრე ექსპერტთა ასამბლეა ახალ ლიდერს აირჩევს.
ამასთან, Reuters-ის ინფორმაციით, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ახალ მეთაურად აჰმად ვაჰიდი დაინიშნა. მისი წინამორბედი, გენერალი მოჰამედ პაკპური, ისრაელისა და აშშ-ის იერიშების დროს დაიღუპა.
