მსახიობი იუნა შაფათავა, რომელიც აშშ-ში ცხოვრობს და საქმიანობს, სოციალურ ქსელში წერს:
“ჩემი პირველი პანიკური შეტევა დამეწყო ნულ კლასში, როცა პარალელურ კლასში გოგონა მანქანამ გაიტანა შავი ზღვის ქუჩაზე და ის დასაფლავების დღეს სკოლაში შემოიყვანეს. კუბოში. დააწვინეს სკოლის ეზოს შუაში და გვაყურებინეს, როგორ დაიტირეს. ირგვლივ ვინც იყო, გახანგრძლივებულის ფანჯრებთან, ყველა ვტიროდით. ტიროდა მთელი სკოლა.
იმ ღამეს მე არ დამეძინა.
მახსენდებოდა ის კუბო, დედამისი, როგორ ტიროდნენ მისი კლასელები და ისე ცუდად გავხდი, როცა ჩემი ტოლის ცხედარი დავინახე, დღემდე, ყველაზე ცუდად რომ ვხდები, ის სურათი ამოტივტივდება ხოლმე და ბავშვის სიკვდილის შიში ბიძგს აძლევს სხვა შიშებს, დაგროვებულს უფრო ადრე და მოგვიანებით, რაც წამოშობს უფრო სერიოზულ anxiety და panic attacks.
მე ვთხოვ ყველას, შეეცადეთ ბავშვებს აარიდოთ ის ფოტოები, ომიდან რომ ვრცელდება.
ახლა შემხვდა ვიღაცების ჩხუბი კომენტარებში და ომის სისასტიკის არგუმენტად ბავშვების ფოტოები დადეს. კუბოში.
46 წლის ვარ და 40 წლის წინანდელი სურათი, ჩემი პარალელურ კლასელის, მანქანამ რომ გაიტანა, თვალწინ დამიდგა და პანიკა დამეწყო, ხელების გაყინვით.
თუ ხარ ადამიანი, უბრალოდ ადამიანი, ომის სისასტიკე გულგრილს ვერ დაგტოვებს.
მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ერთმანეთს, მასმედიაში ვიღაცის გასატარებელი სიძულვილის პოლიტიკის დიდი კამპანიის ფოტომასალა ერთმანეთს ნიშნისმოგებით ვაყაროთ, რომ დავამტკიცოთ, ვინ არის უფრო სასტიკი, რომელი მხარე ომში.
ადრე ამბობდნენ, მხარე უნდა დაიკავო.
დიდი ხანია მოძველდა ეს გამოთქმა.
მხარე ერთია- ადამიანობა და მშვიდობის სურვილი. სხვა ყველაფერი – ამ ბავშვთა კვლაში თანამონაწილეობაა.
მხარე ხალხია და ის ბავშვები, პოლიტიკოსთა გაუმაძღრობის გამო, დღეს მიწაში წვანან.
რაც არ უნდა მჯეროდეს გარდაცვალების და მჯეროდეს, რომ უკეთეს სამყაროში ხვდებიან, მათი წამების სიკვდილით დასასრულის შემდეგ, მე მაინც მირჩევნია, ეს ბავშვები მომღიმარი და ცოცხალი ვნახო.
უფრო მეტს დავწერდი, მაგრამ ეს სასტიკია, ტკივილზე უფრო მტკივნეული სიტყვები დაამატო. ადამიანი თუ ხარ და სულიერი, გტკივა გაუთავებლად.
დილიდან დოზის გადამეტება სიძულვილის მივიღე. ადამიანმა, რომელიც დღეს სახლშის სხვა კონტინენტზე, სადაც “მშვიდობიანი” მსოფლიო ომის დროს, გიჟი მკვლელი დარბის ქუჩებში და ხალხს კლავს, მის სიგიჟეში მისთვის უკვე გაუგებარი სიძულვილისგან, რომელიც მისთვის, უკვე ნორმალური მდგომარეობაა. ასეა ყველა, ვინც სხვას აყრის სხვისი შვილების გაყინული ცხედრების ფოტოებს.
მიპასუხეთ, ერთმანეთის სიძულვილი უშველის ამ ბავშვებს და დატანჯულ ქალებს, სანამ კაცები “ვაჟკაცობას” იბრალებენ და უმტკიცებენ ერთმანეთს, ვინ უფრო მეტს მოკლავს? – ვიღაცა ყოველთვის ვიღაცის შვილია. არ დაგავიწყდეთ ეს, ამ ბრმა სიძულვილში.
ერთმა კეთილმა ქალბატონმა დამიწერა კომენტარში: “შვილი, არ თქვა არა ომს, ისურვე მშვიდობა.” – გისურვებთ მშვიდობას.
სიძულვილი კლავს და პატარა ცხედრების ყურება, შინაგანად გვკლავს.
გთხოვთ, დაინდეთ სხვისი შვილები და მათ პატარა სულებს მიეცით მოსვენება.
არავისი შვილი არაა სხვისი სპეკულაციის საგანი.
უბრალოდ ვისურვოთ მშვიდობა”, – წერს შაფათავა “ფეისბუქი”- ს პირად გვერდზე.