“უკრაინისთვის” – გუშინ 11 აპრილს, თბილისის საკონცერტო დარბაზში მეგობარი ქვეყნის სოლიდარობის აქცია-კონცერტი გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა ქართველმა და უკრაინელმა მუსიკოსებმა მიიღეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით ქალთა უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ყურადღებას საღამოს წამყვანის არაეთიკურ მიდგომაზე ამახვილებს.
“გუშინ უკრაინის მხარდასაჭერ კონცერტზე აღმოვჩნდი და პროგრამა ძალიან მომეწონა. არანაირი ცუმპა-ცუმპა არ ყოფილა, პირიქით, სწორად შერჩეული იყო რეპერტუარი და პროგრამა. მოკლედ, ყველაფერი იქნებოდა მოსაწონი, რომ არა წამყვანის ძალიან უხერხული მოხსენიება ზოგი ქალისა: ე.ი. ქალების წარდგენისას ორი გამოაცხადა ძალიან ლამაზ ქალად (უხერხულია) და ერთზე თქვა გაუგებარი და გაუმართავი წინადადება, სადაც უკრაინის საინფორმაციო ომში ჩართულ უკრაინელ ბლოგერ-ინფლუენსერზე თქვა “სუსტი და უმწეო” გვგონიაო თუ რაღაც.
წამოცდენა, გადაცდენა, არ ვიცი, სულ ერთია რას დავარქმევთ, მაგრამ გარეგნობაზე (მათ შორის სილამაზეზე) აპელირება პროფესიონალი ქალის წარდგენისას არის არაეთიკური. და უკრაინელ ქალებზე თუ კიდევ ვინმეს სუსტის და უმწეოს ასოციაცია უჩნდება, არ ვიცი… ან თუნდაც იმის თქმა, რომ ეს ლამაზი ქალები უმწეოები არ არიან, ესეც ძალიან უადგილოა. გთხოვთ, გაითვალისწინოთ სამომავლოდ“, – წერს პატარაია “ფეისბუქი”-ს პირად გვერდზე.