შალვა პაპუაშვილი დასავლელ პარტნიორებს ორმაგ სტანდარტებსა და “ფარისევლობაში” ადანაშაულებს. პაპუაშვილის განცხადებით, მაშინ როცა ევროკავშირი რუსეთთან ვაჭრობას აგრძელებს, საქართველოზე ხორციელდება ზეწოლა, რომ ქვეყანამ რუსეთს სანქციები დაუწესოს და საკუთარი ეკონომიკა დააზიანოს. სპიკერმა ასევე გააკრიტიკა ბრიტანეთისა და ევროკავშირის ელჩების საქმიანობა და აღნიშნა, რომ უკრაინის ომის ფინანსური ტვირთი ახლა სრულად ევროპის მხრებზეა.
“როცა ჩვენ გველაპარაკებიან ბრიტანეთის, ევროკავშირის თუ სხვა ქვეყნების ელჩები, ჩვენ ყოველ ჯერზე უნდა ავაფაროთ სახეზე ეს ციფრები, რომ ევროპამ ომის განმავლობაში უფრო მეტი ფული მისცა რუსეთს, ვიდრე უკრაინას. ეს არის დასტური, თუ რა ფარისევლობასთან გვაქვს საქმე. სინამდვილეში, ეს ქმედებებიც არის გამოწვეული გამწარებული მდგომარეობისგან, რომელშიც, სინამდვილეში, ევროპამ საკუთარი თავი თავად ჩაიყენა.
უკვე თითქმის ერთი წელია, რაც აშშ-ის ადმინისტრაცია ფულს არ ხარჯავს ამ ომში და უკრაინის ომი მთლიანად არის აკიდებული ევროპის მხრებზე – მათი ფინანსური ტვირთია.
გარდა ამისა, არის მეორე თემა, რაც ეხება განსაკუთრებით ბრიტანეთის ელჩს – არ იშლის ეს ადამიანი, პირდაპირ დადის კაბინეტებში [და ამბობს] – არ იყიდოთ საწვავი რუსეთიდან, არ ქნათ ის, არ ქნათ ეს… როცა ეკითხებიან – კი მაგრამ, როგორ? თავისუფალი ბიზნესია, სადაც არის იაფი და ხარისხიანი, იქ მიდის ბიზნესი, მაშინ როგორ? არ ვიცი, მაშინ უნდა დავაწესოთ სანქციები… არა, ნუ დააწესებთ, ისე გითხარით ბიზნესსო, ანუ ზეწოლა მოახდინეთო – აბსოლუტურ სისულელეებს ლაპარაკობს უკვე ეს ადამიანი.
ევროკავშირის მშვიდობის პროექტის ელჩმა თქვა – ჩვენთანო რუს ტურისტებს არ ვუშვებთ, თქვენ უშვებთ და ამით ეკონომიკა იზრდებაო, ჩვენო ფრენები ჩავკეტეთ, თქვენთან არის და ეკონომიკა იზრდებაო, ჩვენ ვაჭრობას ვზღუდავთო, თქვენ ვაჭრობთო და ეკონომიკა იზრდებაო. ფაქტია, რომ ჩვენ მოგვიწოდებენ სანქციები დავუწესოთ რუსეთს და ამით დავაზიანოთ ჩვენი ქვეყანა”, – აცხადებს შალვა პაპუაშვილი.
