“ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილება, ქართული დამოუკიდებელი ტელეარხების „იმედის“ და „პოსTV“-ის სანქცირების შესახებ, არის ის მიჯნა, რომლის იქით, ჩვენი მხრიდან, მინიმალური ცივილიზებული მოთხოვნილებაც კი, სახელმწიფოებრივი ურთიერთპატივისცემის შესახებ ყოველგვარ აზრს კარგავს” – კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ბრიტანეთის ელჩს ღია წერილით მიმართავს.
“ბრიტანეთის ელჩს საქართველოში მისტერ გარეტ უორდს
ღ ი ა წ ე რ ი ლ ი
“მე შაირი არ მინდოდა, შენ ამტეხე ძალადაო…“
ჩვენი საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ თქვენ ქართულ ენას სწავლობთ და ხშირად ცდილობთ კიდეც ისაუბროთ ქართულად. დარწმუნებული ვარ დამხმარეც გეყოლებათ, ვინც თქვენ ხელს გიწყობთ უცხო ენის დაუფლებაში. ამიტომ იმედს ვიტოვებ, რომ თუ თქვენ თავად ვერ გამოიტანთ აზრს იმ ეპიგრაფიდან, რომელიც ამ წერილს ახლავს, თქვენი დამხმარე შეგეშველებათ გაიაზროთ, რას ვგულისხმობ ამ ქართულ ფოლკლორულ წინათქმაში.
ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილება, ქართული დამოუკიდებელი ტელეარხების “იმედის” და “პოსTV”-ის სანქცირების შესახებ, არის ის მიჯნა, რომლის იქით, ჩვენი მხრიდან, მინიმალური ცივილიზებული მოთხოვნილებაც კი, სახელმწიფოებრივი ურთიერთპატივისცემის შესახებ ყოველგვარ აზრს კარგავს. რაც შეხება ჩემ პირად მოსაზრებას, მინდა მოგახსენოთ, რომ ბრიტანეთის იმპერიის მიერ, კაცობრიობის ისტორიაში შეტანილი წვლილის მიმართ, კეთილგანწყობით არასოდეს გამოვირჩეოდი და თუ რატომ, ამას ძალიან მოკლედ ამ წერილში მოგახსენებთ.
საუკუნეების განმავლობაში, თქვენი მთავრობების სახელმწიფო მორალის საილუსტრაციოდ, გაგახსენებთ, რომ სადაც კი ფეხი დადგით ჩინეთში, ინდოეთში, ავსტრალიაში, აფრიკის კონტინენტზე თუ ოკეანიის კუნძულებზე ყველგან, რასიზმი, ადგილობრივი მოსახლეობის არაადამიანური ჩაგვრა, უმოწყალო ექპლუატაცია, მასიური განადგურება და კოლონიალური სისტემა დანერგეთ. თქვენ ამას ცინიკურად ცივილიზაციის გავრცელებას უწოდებდით, სინამდვილეში ეს ბარბაროსობა იყო! ალბათ გახსოვთ თქვენც, და მერწმუნეთ, მთელ კაცობრიობასაც, რას სჩადიოდით იქ, სადაც თავს ბატონებად, ხოლო აბორიგენ მოსახლეობას მონებად მიიმჩნევდით. თუ არადა, მზად ვარ საჯარო დისკუსია გავმართო თქვენთან ამ საკითხზე და გაგახსენოთ თქვენი მთავრობების ნამოქმედარი!
ახლო წარსულს რაც ეხება და კონკრეტულად – უკრაინას! თქვენ, იმ ქვეყნის დიპლომატი ბრძანდებით, რომლის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა განზრახ ჩაშალა 2022 წელს სტამბოლში, სამშვიდობო შეთანხმება უკრაინასა და რუსეთს შორის, რის გამო უკრაინამ განგრძობადი რუსული აგრესიის შედეგად, ასი ათასობით საკუთარი შვილი დაკარგა, ათეულობით მილიონი უკრაინელი დევნილობაში აღმოჩნდა, ხოლო ქვეყანა დღესდღეობით იავარქმნილია!
აწმყოში, ანუ დღეს, თქვენ იმ ქვეყნის წარმომადგენელი ბრძანდებით, რომლის მეფის ძმა, იორკის ჰერცოგი, პრინცი ენდრიუ მაუნდბეტონ-ვინძორი და ბრიტანეთის ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბარონი პიტერ ბენჟამინ მანდელსონი, ლეიბორისტული პარტიის წევრი, ყოფილი − გარე ვაჭრობის ევროკომისარი, ბრიტანეთის პირველი სახელმწიფო მდივანი, საბჭოს ლორდი-თავმჯდომარე, სხვადასხვა დროს ექსმინისტრი, ბიზნესის და ინოვაციების, ჩრდილო ირლანდიის, ვაჭრობის და წარმოების საკითხებში, დააპატიმრეს პედოფილიის ბრალდებით და უამრავი დოკუმენტით დადასტურებული, ბოროტმოქმედი ეფშტეინის კანიბალურ ორგიებში შესაძლო მონაწილეობის გამო.
რაც შეეხება თქვენი მთავრობის მიერ პრესის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობაზე “ზრუნვას”. ქართული ტელეარხების – “პოსტTV”-ის და “იმედის” ყურების ნაცვლად, ქართული ენის არცოდნის პირობებში, თქვენი მთავრობის წევრებს და “ექსპერტებს” მეტი ყურადღება ბრიტანეთის სახელმწიფო სამაუწყებლო ტელეკომპანია BBC-სთვის რომ მიექციათ, მაშინ თქვენ არ აღმოჩნდებოდით იმ სამარცხვინო მდგომარეობაში, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ბრიტანეთის სახელმწიფო მაუწყებლობას სასამართლოში უჩივის ცილისწამების გამო, ანალოგიურად ქართული სახელმწიფოს წინაშე, რომლის მთავრობა იმავე ბრალდებით უჩივის სასამართლოში BBC-ს.
აქვე მინდა მოგცეთ რჩევა, ელჩო: იქნებ თქვენი ამჟამინდელი პრემიერმინისტრი სტარმერი მოარიდოთ საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონთან და გერმანიის კანცლერ მერცთან სარკინიგზო მოგზაურობებს, რათა მომავალში თავიდან აიცილოთ სამთავრობო გადაწყვეტილებები, რომელთა არსი ავადსახსენებელი კოლონიური სულისკვეთებით არის განმსჭვალული.
და კიდევ, როდესაც იმ ქვეყანაში, რომელსაც თქვენ საზღვარგარეთ წარმოადგენთ, 12 ათასი მოქალაქეა დაპატიმრებული, კონკრეტული სამთავრობო პროპაგანდისგან განსხვავებული აზრის გამოხატვის გამო, ხოლო ქრისტიანული მრწამსის მქონე ადამიანებს, აბორტის მსხვერპლთა მოსახსენებელი, მდუმარე ლოცვის გამო იჭერენ! თქვენ, როგორც იმ სახელმწიფოს დიპლომატმა, უცხო ქვეყანაში სტუმრად მყოფმა, მეტი ზრდილობა და პროფესიული წინდახედულობა უნდა გამოიჩინოთ! წინააღმდეგ შემთხვევაში, სულაც არ ხართ დაზღვეული იმისგან, რომ ამ ქვეყნის, თქვენი მანდატით განსაზღვრულ დროზე ადრე დატოვება მოგიწიოთ.
დამოუკიდებელი, თავისუფალი და სუვერენული საქართველოს მოქალაქე, გიორგი ხაინდრავა”, – წერს გოგა ხაინდრავა.
