რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მოსკოვის რკინიგზის სადგურზე მომხდარი აფეთქების შედეგად ერთი პოლიციელი დაიღუპა და კიდევ ორი დაშავდა.
განცხადების მიხედვით, პოლიცია სავიოლოვსკის სადგურის მოედანზე მანქანით პატრულირებდა, როცა “უცნობი პირის მიერ ამოუცნობი მოწყობილობის დეტონაცია” მოხდა.
სამინისტრომ თავდაპირველად დაწერა, რომ თავდამსხმელი კაცი ადგილიდან მიიმალა, თუმცა, მოგვიანებით განაცხადა, რომ ის ადგილზევე გარდაიცვალა.
განცხადების მიხედვით, თავდამსხმელი პოლიციელებს მოსკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთ რაიონიდან მიუახლოვდა. თუმცა, სამინისტროს მისი ვინაობის შესახებ დამატებითი დეტალები არ გაუვრცელებია.
აფეთქების შემდეგ ორი პოლიციელი საავადმყოფოში “სხვადასხვა სახის დაზიანებებით” გადაიყვანეს.
მომხდარ აფეთქებაზე სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან დაწყებულია გამოძიება, თუმცა, თავდამსხმელის მოტივი ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
