ბავშვებში გავრცელებული სეზონური ვირუსი და რეკომენდაცია მშობლებს – იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ბრიფინგი გამართა.
ივანე ჩხაიძის თქმით, თებერვალში გრიპის ვირუსის სეზონური მაჩვენებელი მომატებულია. მისი რეკომენდაციაა, მშობლებმა ყურადღება მიაქციონ სიმპტომებს და, საჭიროების შემთხვევაში, დროულად მიმართონ ექიმს.
“როდესაც ვსაუბრობთ სეზონურობაზე, მხედველობაში გვაქვს გრიპის და სხვა მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექციების შემთხვევების მატება.
თებერვლის მეორე კვირას, რესპირაციული ვირუსი გახდა ძირითადი ვირუსი სტაციონარშიც და მან გადააჭარბა გრიპის ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობას, რაც აისახა კიდევ კლინიკურ გამოვლინებაში. ახლა, არა ფილტვის ანთება, არამედ ბრონქიოლიტი წარმოადგენს მომართვიანობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს.
ბავშვებში, გართულების ძირითადი მიზეზი არის ბრონქიოლიტი და ფილტვების ანთება, ხველა, ძლიერი თავის ტკივილი, ყელის ტკივილი, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, საკვებზე უარის თქმა, სისუსტე – ამ ყველაფრის უკან დგას გრიპის ვირუსი.
5 წლამდე ასაკის ბავშვების შემთხვევაში, პირველი 48 საათის განმავლობაში დაწყებული ანტივირუსული თერაპია არის მაქსიმალურად ეფექტური. ამიტომ, ჩვენ ყოველთვის ვთხოვთ მშობლებს, მიმართონ ექიმს, რომელიც ბავშვის მდგომარეობას შეაფასებს,” – აცხადებს მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე.
