72 წლის მანდელსონი ორშაბათს დააკავეს თანამდებობის ბოროტად გამოყენების ბრალდებით. ლონდონის მეტროპოლიტენის პოლიციის განცხადებით, იგი კამდენში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან პოლიციის განყოფილებაში დაკითხვისთვის გადაიყვანეს. სამართალდამცველების განმარტებით, დაკავება ნიშნავს, რომ გამოძიება დანაშაულის შესაძლო ნიშნებს იკვლევს, თუმცა ბრალეულობას ავტომატურად არ ადასტურებს.
გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ელექტრონული მიმოწერა, რომელიც მანდელსონსა და ეპშტეინს შორის ახლო ურთიერთობაზე მიუთითებს. გამოქვეყნებული წერილებიდან ირკვევა, რომ მანდელსონი 2009 წელს, მინისტრობის პერიოდში, ჯეფრი ეპშტეინს გარკვეულ ინფორმაციას უზიარებდა.
მანდელსონმა ადრე განაცხადა, რომ ჯეფრი ეპშტეინთან ურთიერთობას „ღრმად ნანობს“, თუმცა ბოლო ბრალდებებთან დაკავშირებით საჯარო კომენტარი არ გაუკეთებია. მისი საცხოვრებელი სახლები ლონდონსა და დასავლეთ ინგლისში პოლიციამ უკვე გაჩხრიკა.
საზოგადოებრივი თანამდებობის ბოროტად გამოყენება დიდ ბრიტანეთში მძიმე დანაშაულად ითვლება და დამტკიცების შემთხვევაში მაქსიმალური სასჯელი შესაძლოა უვადო პატიმრობა იყოს.
