ირაკლი კობახიძის განცხადებით, “ქართული ოცნების” ხელისუფლების მიზანია საქართველოს მოქალაქეების შრომითი ინტერესების დაცვა. მისი თქმით, განისაზღვრა ის სფეროები, სადაც უცხოელთა დასაქმება დასაშვებია და სადაც ეს მიზანშეწონილი არ არის, რათა ადგილობრივებს ჭარბი კონკურენცია არ შეექმნათ.
„ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების შრომითი ინტერესები, რაც არის მიღებული პრაქტიკა ნებისმიერ ქვეყანაში, რომელიც უფრთხილდება საკუთარ მოქალაქეებს და მათ ინტერესებს.
ჩვენ განვსაზღვრეთ ის სფეროები, სადაც დასაშვებია უცხოელების დასაქმება და სადაც არ არის ეს მიზანშეწონილი. ეს არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ჭარბი კონკურენცია არ შეექმნათ ჩვენს მოქალაქეებს დასაქმების კუთხით.
რაც შეეხება განკარგულებას, განსაზღვრულია კვოტები, მათ შორის კონკრეტულ შემთხვევებში განსაზღვრულია ნულოვანი კვოტები, რაც ნიშნავს იმას, რომ გამოკვეთილია სფეროები, სადაც ჩვენს მოქალაქეებს დასაქმების კუთხით ვერავინ ვერ გაუწევს კონკურენციას. აქ იყო გათვალისწინებული თითოეული შემთხვევა, თითოეულ შემთხვევაში მოქალაქეების ინტერესები და ვფიქრობთ, რომ ჩვენ მაქსიმალურად მოვახერხეთ ჩვენი მოქალაქეების შრომითი ინტერესების დაცვა“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.
