გამოცემა “სინიუსი“ მათი დამფუძნებლის წერილს ავრცელებს, რომელიც გამოცემის ცნობით, ელისო კილაძემ ციხიდან გამოაგზავნა.
გზავნილში მედიაჰოლდინგის დამფუძნებელი, ელისო კილაძე ბრალზე საუბრობს.
“რა წერია ჩემი ბრალის დადგენილებაში?
გივი ჯიბლაძის, ბენ ანორის, თორნიკე ჯანელიძის, გიორგი კამლაძის ორგანიზებით და მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების აქტიური ჩართულობით განხორციელდა ქმედებათა რამდენიმე ეტაპის ჯაჭვი. (სხვა პირებთან ჩემი გვარი ნახსენები არაა).
იმავე პირების ორგანიზებით დაფუძნებულ იქნა შ.პ.ს. “დიჯითალ მარკეტინგი”, “როიალი”, შ.პ.ს. სასწავლო ცენტრი, რომელთა ბაზაზე თბილისში, სხვადასხვა ლოკაციაზე მოეწყო თაღლითური ქოლ-ცენტრები. – ამ კომპანიების შესახებ პირველად გავიგე, არც ერთის დამფუძნებელი არ ვარ.
ჯგუფის წევრების მიერ გამოიყენებოდა GRW პროგრამა “Lpads8” , რომლის მიწოდება უზრუნველყო ბენ ანორმა.
ბრალში ნახსენები ვარ მხოლო ორჯერ:
1. სათანადო ინფორმაციის სხვადასხვა მედია პლათფორმაზე გავრცელებით, ელისო კილაძე უზრუნველყოფდა დანაშაულებრივი საქმიანობის კანონიერად წარმოჩენას, ხოლო კონკურენტი ქოლ ცენტრების მხილების და დაშლის მიზნით, მის მიერ ხდებოდა ქოლ ცენტრების ადგილმდებარეობის, თანამშრომლებისა და მფარველების თაობაზე ინფორმაციის გასაჯაროება. გაწეული საქმიანობისთვის გავლენის და საინფორმაციო მფარველები, არარეზიდენტი პირებისგან მოტყუებით დაუფლებული თანხებიდან, ყოველდღიურად იღებენ სოლიდურ სარგებელს.
2. ოთარ ფარცხალაძის, დავით და გიორგი მიქაძეების, თორნიკე ჯანელიძის, მიხეილ ჩოხელის, ირაკლი სეხნიაშვილის, გივი ჯიბლაძის, ბენ ანორის და ელისო კილაძის მიერ განხორციელდა უკანონო აქტივების განთავსების, დანაწევრება და ჯაჭვი. ანუ ელექტრონულ საფულეებზე ე.წ. კროპტო საფულეზე განხორციელდა 9 473 810 აშშ დოლარი.
ბრალის აბსურდულობა
ჩემი მხრიდან არც ერთხელ არსად არ განხორციელებულა ამ კომპანიების პიარი, რომლის არსებობა ჩემი ბრალის დადგენილებით გავიგე. მე ვიყავი “ნომადაოს” საინფორმაციო მხარდამჭერი.
არ მაქვს კრიპტო საფულე, არანაირი ბიტკოინი ჩემს ანგარიშზე არ ირიცხება, არც აქტივების დანაწევრებაში მიმიღია მონაწილეობა.
მე ვარ პირველი ჟურნალისტი, რომელიც ამხელდა ქოლცენტრებს, (ვაღიარებ) მათ ადგიმსამყოფელს და მფარველებს ვამხელდი და მომზადებული მაქვს არაერთი მასალა კეზერაშვილის ქოლცენტრებზე. (ამის გამო მიჭერენ?)
სამწუხაროდ, რეაგირება ნული. განადგურების ნაცვლად დაწყვილდნენ კეზერაშვილი და ლილუაშვილის გარემოცვა, გააფართოეს საქმიანობა.
ბრალის კომიკურობა
ოთხმა თაღლითმა აღიარა ქოლცენტრების არსებობა. 9 473 810 აშშ დოლარის მოპარვა. გივი ჯიბლაძისა და თორნიკე ჯანელიძისთვის ეს თაღლითობის მესამე ეპიზოდია, გიორგი კამლაძისთვის მეორე, ბენ ანორი პლატფორმის ავტორია. მათ არ შეუფარდეს პატიმრობა, ოთხივე მათგანი გირაოთი გაათავისუფლეს. არც ერთი მათგანი არ იცნობს ოთარ ფარცხალაძეს, არც მიშა ჩოხელს, რაც შეეხება დავით მიქაძეს – მას გივი ჯიბლაძესთან კომუნიკაციის სურვილი არ ჰქონდა, ჯიბლაძე მე მთხოვდა ხოლმე მიქაძესთან შეხვედრას.
P.S. ქვეყნის არაფორმალური მმართველი არის დღეს კანონიერი ქურდი მერაბ ჯანგველაძე. მე მას ხელს ვუშლი მისი ძმის მკვლელობის საქმის ჩაფარცხვაში. მეტიც, მცირე “სხოდკაც” ჰქონდა, ტარიელ ონიანს, ენცოს და ყალიჩავას მონაწილეობით, სადაც ჩემი თემა განიხილებოდა.
სამწუხაროდ, პროცესი დახურული იყო, და ამიტომ, თქვენ ვერ გაიგეთ იქ რა მოვყევი” -ვკითხულობთ კილაძის გზავნილში.
