“კანონმდებლობაში საპროცესო შეთანხმება იყო და დღესაც არის. მას საპროცესო შეთანხმებისკენ განაჩენების დადგომამდე მოუწოდებდნენ. მაშინ, მან ჩათვალა, რომ ქართულ მართლმსაჯულებაზე გარედან შესაძლებელი იყო ისეთი ზეგავლენების მოხდენა, რომ მის მიმართ ასეთი განაჩენი არ დადგებოდა.
როცა დარწმუნდა, რომ ქართულ მართლმსაჯულებას ვერავითარი გარე ჩარევა აზრს ვერ შეაცვლევინებდა და დანაშაულზე ვერ ათქმევინებდა, რომ დანაშაული არ მომხდარა, ეტყობა, ეს ყველაფერი გაიაზრა და პირველ შეთავაზებას გაჰყვა. სასურველი იყო, რომ ეს ყველაფერი მანამდე გაეაზრებინა და ეს ნაბიჯები მაშინ გადაედგა, როცა საპროცესო შეთანხმებას სთავაზობდნენ.
შეთანხმება როგორ აიძულეს, აწამებდნენ?! ეს დაუჯერებელია და ასეთი რამე არ ხდება. ის დრო წარსულს ჩაბარდა, როცა ადამიანებს ციხეში აუტანელ პირობებში ამყოფებდნენ და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს ჰქონდა ადგილი. ახლა ეს ასე არ არის” – განაცხადა ოცნების დეპუტატმა თენგიზ შარმანაშვილმა გიორგი ბაჩიაშვილზე.
თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილი გუშინ გაათავისუფლეს. მოგვიანებით პროკურატურამ განმარტა, რომ “ბაჩიაშვილმა სრულად აღიარა დანაშაული და სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან – აანაზღაურა ზიანი, რისთვისაც გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება ჯარიმასა და პირობით მსჯავრზე”. მისი ადვოკატის თქმით კი გიორგი ბაჩიაშვილს მიესაჯა ერთი წლით პირობითი მსჯავრი და ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით.
