ოსკაროსანმა მსახიობმა უილ სმიტმა კრის როკს საჯაროდ ბოდიში მოუხადა ოსკარის დაჯილდოებაზე მომხდარი ინდიცენტის გამო და დაწერა, რომ მისი მოქმედება ემოციებით იყო განპირობებული. სმიტი აღნიშნავს, რომ ნებისმიერი სახის ძალადობა დამანგრეველია.
“ნებისმიერი ფორმის ძალადობა მომწამვლელი და დამანგრეველია. ჩემი საქციელი გასული ღამის კინოაკადემიის დაჯილდოებაზე იყო მიუღებელი და დაუშვებელი. ხუმრობები სამსახურის ნაწილია, მაგრამ ხუმრობა ჯადას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ჩემთვის ზედმეტი იყო და ემოციურად ვიმოქმედე.
მსურს, რომ საჯაროდ მოგიხადო ბოდიში, კრის. ზღვარი გადავკვეთე და არასწორი ვიყავი. მრცხვენია და ჩემი ქცევები არ შეესაბამებოდა იმ კაცისას, ვინც მინდა რომ ვიყო. სიყვარულისა და სიკეთის სამყაროში ძალადობის ადგილი არ არის”, – დაწერა მსახიობმა ინსტაგრაზე.
ცნობისთვის, “ოსკარის“ რიგით 94-ე დაჯილდოება ტრადიციულად ლოს-ანჯელესში, Dolby Theatre -ში გაიმართა. ღონისძიებას ვანდა საიკსი, ემი შუმერი და რეგინა ჰოლი უძღვებოდნენ.
ცერემონიალის არსობრივი მხარე სკანდალმა გადაფარა – ყველასთვის მოულოდნელად უილ სმიტი სცენაზე ავიდა და კრის როკს სილა გააწნა.
მსახიობის აგრესია კომიკოსის ხუმრობამ გამოწვია, რომელიც უილ სმიტის ცოლის, ჯადა პინკეტ-სმიტის ვარცხნილობას უკავშირდებოდა.
“ჯეიდა, ერთი სული მაქვს GI Jane 2-ს როდის ვიხილავ“, – თქვა მან, რის შემდეგაც სმიტი სცენაზე აიჭრა, როკს დაარტყა, ადგილზე დაბრუნებულმა, კი ყვირილით მიმართა: “ჩემი ცოლის სახელს შენი საძაგელი (დედა მ***ი) პირით ნუ ამბობ!”
კრის როკის ხუმრობა 1997 წლის ფილმს – “GI Jane”-ს შეეხებოდა, რომელშიც მთავარ როლს დემი მური გადაპარსული თავით ასრულებს.
კომიკოსის ერთგვარი უწყინარი იუმორი, საკმაოდ მგრძნობიარე საკითხი გახლავთ, რადგანაც, ჯეიდა პინკეტ სმიტს ავტოიმუნური დარღვევა, ალოპეცია აქვს, რის გამოც თმა გასცვივდა.
მან არაერთხელ ისაუბრა აღნიშნულ პრობლემაზე და იმ სირთულეებზე, რასაც ალოპეცია იწვევს. თუმცა, ეს მას პესიმიზმის საფუძველს არ აძლევს.
სმიტმა მოგვიანებით მეფე რიჩარდში შესრულებული როლისთვის კარიერაში პირველი ოსკარი მიიღო. მადლობის სიტყვაში მან ბოდიში მოუხადა აკადემიას და ნომინანტებს, თუმცა არ უხსენებია კრის როკი. მსახიობმა გამოსვლა ამ სიტყვებით დაასრულა: “იმედია კინოაკადემია კიდევ მომიწვევს დაჯილდოებაზე”.
კინოაკადემიამ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც სმიტის ქმედება დაგმობილია და ნათქვამია, რომ ინციდენტის ირგვლივ გამოძიება დაწყებულია.
აღსანიშნავია, რომ ინციდენტის შესახებ განცხადება ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტმაც გაავრცელა. განცხადების თანახმად, კრის როკი არ აპირებს, უილ სმიტს უჩივლოს, თუმცა პოლიციის დეპარტამენტი დასძენს, თუ კომიკოსი გადაიფიქრებს, მომხდარს გამოიძიებენ.