ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრევენციის კომიტეტმა (CPT) 2024-25 წლებში საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ანგარიში გამოაქვეყნა.
დოკუმენტში განხილულია 2024 წლის 28 ნოემბერს დაწყებული საპროტესტო აქციების შემდეგ დაკავებულთა მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტები. შეფასებულია დროებითი დაკავების იზოლატორებში, საპატიმროებსა და ფსიქიატრიულ კლინიკებში არსებული მდგომარეობა.
ანგარიში მოიცავს სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლების მხრიდან მოქალაქეებისადმი სავარაუდოდ არაადამიანური მოპყრობის შემთხვევებს, რისი გამოძიებისკენაც კომიტეტი ხელისუფლებას მოუწოდებს.
“გამოკითხულ პირთა უმეტესობას თვალსაჩინო დაზიანებები აღენიშნებოდა, ზოგიერთს ჰქონდა მძიმე დაზიანებები და სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა… ნიღბიანი და კაპიუშონიანი პოლიციელები, რომლებსაც არ ჰქონდათ ვინაობის დამადასტურებელი რაიმე ნიშანი, დაკავებებს ახორციელებდნენ რამდენიმე ოფიცრისგან შემდგარ ჯგუფებად… ისინი დაკავებულ პირებს განურჩევლად ურტყამდნენ მთელ სხეულზე, აგინებდნენ და ემუქრებოდნენ, ცნობების თანახმად, დაკავებულები წინააღმდეგობას არ სწევდნენ. ცემის ფაქტები, ცნობების თანახმად, განმეორებით ხორციელდებოდა რამდენიმე ოფიცრის მიერ ერთდროულად, მათ შორის მაშინ, როდესაც დაკავებულ პირებს ხელბორკილები ზურგს უკან ჰქონდათ დადებული. დელეგაციამ ასევე მოისმინა გარკვეული ბრალდებები, რომ ამგვარი გადაცემის შემდეგ, დაკავებული პირები დაკითხეს ადვოკატის თანდასწრების გარეშე, რაც მიზნად ისახავდა მათი მხრიდან აღიარების ან ინფორმაციის მიწოდების იძულებას“ – წერია ანგარიშში.
