„მოქმედი კანონით, დასჯადი ქმედებაა კონსტიტუციური წყობილების დამხობა აქტიურ ქმედებაში განხორციელებული. სანამ დამხობამდე მივა საკითხი, არის მოწოდება კონსტიტუციური დამხობისკენ. ესეც დასჯადია, მოქმედი კანონით, ათწლეულია და ჩვენ გვაქვს მოცემულობა, რომ პირები, სანამ ამ მოწოდებამდე მივლენ, ქმნიან აღქმას საზოგადოებაში, თითქოს არ არსებობენ კონსტიტუციური ორგანოები; არ არსებობს საქართველოს კანონმდებლობა; არ არსებობს ქართველი ხალხის მიერ გამოხატული ნება, მაგალითად, საქართველოს არჩეული პარლამენტი. საბოლოო ჯამში ამ აღქმის შექმნის მიზანია, ხელისუფლების დამხობის მოწოდებისთვის შეიქმნას ნოყიერი ნიადაგი. სამწუხაროდ, გვაქვს მოცემულობა, რომ არსებობენ პირები, რომლებიც სისტემატურად და სისტემურად არ ცნობენ კონსტიტუციას და კონსტიტუციურ წყობას და თავიანთი ქმედებებით სუვერენიტეტს უქმნიან საფრთხეს და არ ცნობენ დემოკრატიის უმთავრეს პრინციპს, რომ საქართველოში ქართველი ხალხი იღებს გადაწყვეტილებას“ – თქვა ოცნების დეპუტატმა არჩილ გორდულაძემ
დღეს, 16 თებერვალს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ცნობილი გახდა, რომ ოცნებას ცვლილება შეაქვს სისხლის სამართლის კოდექსშიც, რომლის მიხედვითაც ხელისუფლების სისტემური არაღიარება 3 წლამდე პატიმრობით დაისჯება
