ხელოვნებათმცოდნე ცირა ელისაშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით იურისტ სულხან სალაძესთან დაკავშირებით ეროვნული მუზეუმის განცხადებას ირონიული სახის პოსტით ეხმაურება:
“მოვითხოვ, მოქალაქე სულხან სალაძის დახვრეტას! სულხან სალაძე, გამოგიჭირეს, თუ არა!
Georgian National Museum / საქართველოს ეროვნული მუზეუმი სირცხვილია!!!” – წერს ელისაშვილი “ფეისბუქი”-ს პირად გვერდზე.
ცნობისთვის, იურისტ სულხან სალაძის ინფორმაციით, დაახლოებით ერთი თვის წინ, ეროვნული მუზეუმიდან ოფიციალურად გამოითხოვა მუზეუმის დირექტორატის სხდომის ოქმები, რაც მუზეუმმა მას დადგენილი წესის შესაბამისად მიაწოდა. სალაძის თქმით, მოგვიანებით, სხდომის აღნიშნული ოქმები სხვადასხვა მედია საშუალებებისათვის ხელმისაწვდომი გახდა, რის შემდეგაც ეროვნული მუზეუმის იმ თანამშრომლებს, რომლებმაც მასზე საჯარო ინფორმაცია გასცეს, დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრათ.
რაზეც ეროვნული მუზეუმის წარმომადგენლობამ საპასუხო განცხადება გაავრცელა. მათი მტკიცებით, სალაძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
“საქართველოს ეროვნული მუზეუმი ეხმიანება იურისტ სულხან სალაძის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს ეროვნულმა მუზეუმმა თავის თანამშრომლებს დისციპლინური სახდელი დააკისრა იმის გამო, რომ მათ საჯარო ინფორმაცია სულხან სალაძეზე გასცეს.
სინამდვილეში, მოცემულ პირებს ადმინისტრაციული სახდელი დაეკისრათ ისეთი ინფორმაციის გაცემის გამო, რომელმაც საქართველოს ერთ-ერთი რეგიონის მუზეუმში დაცული საგანძური და სხვა მნიშვნელოვანი ექსპონატები დააყენა რისკის ქვეშ.
კერძოდ, გაცემულ დოკუმენტებში, სხვებს შორის, იყო ეროვნული მუზეუმის დირექტორატის ერთ-ერთი სხდომის ოქმი, რომელიც შემდეგ მედიის მეშვეობით გასაჯაროვდა და საიდანაც ჩანს, რომ ერთ-ერთ მუზეუმს აქვს უსაფრთხოების მიმართულებით სერიოზული გამოწვევები. კერძოდ, მოცემული რეგიონის მუზეუმში, რომელიც 2004 წლიდან სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის გაერთიანებაში შედის, დღემდე არ იყო მოგვარებული კომპიუტერული სისტემების, ვიდეოსამეთვალყურეო, დაცვის სისტემების, კვების ბლოკის, ე.წ. “იუპიესის“ პრობლემა და მუზეუმის ზონალურ ობიექტებზე გარე განათება, სიგნალიზაცია და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემა იყო დასამონტაჟებელი. ეს საკითხი დირექტორატის წინაშე დააყენა მოცემული მუზეუმის ახალდანიშნულმა დირექტორმა და ითხოვა ამ მრავალწლიანი პრობლემის მოგვარება.
როდესაც ეს საჯარო ინფორმაცია, რომლის გაცემაც მიზანშეწონილი არ იყო, ჩაუვარდა ხელში სულხან სალაძეს, მან ის მიაწოდა მედიას და არა მხოლოდ ეროვნული მუზეუმის თანამშრომლებმა, არამედ სულხან სალაძემაც დააყენეს სამუზეუმო ექსპონატები და საგანძური აუნაზღაურებელი ზიანის რისკის წინაშე”, – ნათქვამია მუზეუმის “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული განცხადებაში.